ლევან ხაბეიშვილი - საფრანგეთის ელჩთან შეხვედრაზე მნიშვნელოვანი საკითხები განვიხილეთ, მათ შორის ვისაუბრეთ რეკომენდაციების შესრულებაზე
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი პარტიის ოფისში საქართველოში საფრანგეთის ელჩს, შერაზ გასრის შეხვდა.
როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ხაბეიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, შეხვედრაზე განიხილეს მნიშვნელოვანი საკითხები, მათ შორის სააკაშვილის ჯანმრთელობასა და ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებული საკითხები.
„დღეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში სტუმრად იყო საქართველოში საფრანგეთის ელჩი. ცხადია, საუბარი შეეხებოდა პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს, ასევე პოლიტიკურ პატიმარს, ნიკა გვარამიას. ელჩთან ვისაუბრეთ 12 რეკომენდაციის შესრულების მნიშვნელობაზე, რამდენად მნიშვნელოვანია 12 რეკომენდაციის შესრულება ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლის პერსპექტივისთვის. ცხადია, ჩვენ დავაფიქსირეთ ჩვენი პოზიცია „რუსული ოცნების“, ბიძინა ივანიშვილის ქვეშევრდომების მიერ მიღებულ ანტისახელმწიფოებრივ გადაწყვეტილებებზე, რომ ისინი არცერთი პუნქტის შესრულებას არ აპირებენ. მეტიც, როდესაც თავში წერია დეპოლარიზაცია, ამის ნაცვლად მთელ საქართველოს პირდაპირ ეთერში აყურებინებენ მიხეილ სააკაშვილის სიკვდილს. შესაბამისად, ეს მნიშვნელოვანი თემები იყო განხილული შეხვედრაზე და უფრო აქტიურად ვიმუშავებთ ჩვენს პარტნიორებთან როგორც ქვეყნის შიგნით, ისე გარეთ“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.