ლევან ხაბეიშვილი - სააკაშვილს კოვიდი დაუდასტურდა, უმძიმეს მდგომარეობაშია და ნიკა მელია თანამდებობებს ინაწილებს
პრეზიდენტ სააკაშვილს დღეს კოვიდი დაუდასტურდა, არის უმძიმეს მდგომარეობაში. ნიკა მელია ამბობდა, რომ თუ სააკაშვილს არ გადაიყვანდნენ, ყველაფერი ისე ვერ გაგრძელდებოდა და დღეს თანამდებობებს ინაწილებს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის კანდიდატმა, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, რომელიც გამოეხმაურა ნიკა მელიას ბრიფინგს, რომელზეც მელიამ აღნიშნა, რომ „არჩევნებში გამარჯვების შემდეგ პარტიის გენერალური მდივანი გიორგი კირთაძე იქნება“.
ხაბეიშვილის თქმით, ელოდებოდა, რომ ნიკა მელია ბრიფინგზე მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე ისაუბრებდა.
„ჩვენ შორის განსხვავება სწორედ მიდგომებსა და დამოკიდებულებებს შორის არის. პრეზიდენტ სააკაშვილს დღეს კოვიდი დაუდასტურდა, არის უმძიმეს მდგომარეობაში. ეს ადამიანი ამბობდა, რომ თუ პრეზიდენტ სააკაშვილს არ გადაიყვანდნენ, ყველაფერი ისე ვერ გაგრძელდებოდა და დღეს, აგერ, თანამდებობებს ინაწილებს. ნახევარი საათი არ გასულა, რაც მძიმე მდგომარეობა გამოაცხადეს პრეზიდენტ სააკაშვილზე. ეს არის ჩემსა და მის დამოკიდებულებებს შორის სხვაობა. გულწრფელად გეუბნებით, როცა გავიგე, ნიკა მელია ცხრა საათზე ბრიფინგს ატარებდა, ვიფიქრე, რომ პრეზიდენტ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე იტყოდა რამეს, როგორ უნდა ვიმოქმედოთ, რა უნდა გავაკეთოთ და ამასობაში შემოგვთავაზა რაღაც გაურკვეველი თანამდებობების გადანაწილება“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.