ლევან ხაბეიშვილი - როგორც კი მოქალაქეების პრობლემებზე დავიწყეთ საუბარი, გადაწყვიტეს, ხელი შეგვიშალონ და ჩემი თანაშემწის, ლაშა ცანავას დაკავებას აპირებენ
როგორც კი მოქალაქეებზე, მათ პრობლემებზე დავიწყეთ საუბარი, გადაწყვიტეს, ხელი შეგვიშალონ და ჩემი მეგობრის, ჩემი თანაშემწის დაკავებას აპირებენ. შიში, რომელიც უნდათ, ახლა დათესონ, უნდა ვუთხრათ, რომ მისამართი შეეშალათ, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.
ხაბეიშვილის თქმით, ხელისუფლებას არ უნდა პრობლემებზე საუბარი. მისივე განცხადებით, ამ ქვეყანაში დაშინებით არცერთ ხელისუფლებას არ მოუგია.
„ამ თვეების განმავლობაში უმარტივეს შეკითხვებს ვსვამდით. ისეთ შეკითხვებს, რომელიც აწუხებს ყველას, მაყურებელს, თქვენ – გაძვირებული ცხოვრება, ემიგრაცია, უმუშევრობა, გაძვირებული პროდუქტები, საწვავის ფასი, გაძვირებული კომუნალურები. ამ ხნის განმავლობაში რომ ვერ მოიფიქრეს ვერანაირი პასუხი, ხელი რომ შეგვიშალონ, აპირებენ, პარლამენტში ჩემი თანაშემწის დაკავებას. ლაშა ცანავა ჩემი მეგობარი, ჩემი თანაშემწეა და ასე აპირებენ, პასუხი გაგვცენ.
მოქალაქეებს, მინდა, მივმართო. მესმის, რომ ყოველდღიურად დამძიმებული ხართ პრობლემებით, თუმცა უნდა გესმოდეთ, რომ როგორც კი თქვენზე ვიწყებთ საუბარს, პრობლემებთან მიმართებით ჩვენ გვაქვს კითხვები, ეს არის მათი პასუხი – დაგიჭერთ ან 15 წლის წინანდელ საქმე, ან რამეს მოვიგონებთ და ასე გაგისწორდებით. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ წლევანდელი წელი არის უნიკალური შესაძლებლობა, შევცვალოთ ეს ხელისუფლება და ეს დამოკიდებულება. შიში, რომელიც უნდათ, ახლა დათესონ, უნდა ვუთხრათ, რომ მისამართი შეეშალათ. ჩვენ ძალიან კარგად გვაქვს გაცნობიერებული, რა ბრძოლაში ვართ. მით უმეტეს, რუსულ კანონთან დაკავშირებით, იცით, რომ ჩვენ აქტიურები ვიყავით და ვიქნებით, მათ შორის ლაშაც აქტიურად აპროტესტებდა. ჩვენ მაინც გავაგრძელებთ ამ პროტესტს, ხალხი მაინც არ შეეგუება ამ ქვეყნის გარუსებას, შიშით არ მოუგია ამ ქვეყანაში არავის არასდროს, არცერთ ხელისუფლებას. შეუძლებელია დაშინებით, ხელების გადაგრეხით საქმე გამოდიოდეს.
ხელისუფლებას, მინდა, მივმართო, პროკურატურა ამ საქმეებით კი არ უნდა იყოს დაკავებული და რაღაც სიგიჟეებს კი არ უნდა იგონებდეს, პროკურატურაში უნდა დადიოდეს ფარცხალაძე, რომელმაც გაძარცვა ხალხი. ღარიბაშვილი, რომელმაც ტყე აჩუქა მეუღლეს, ასიათასობით ლარს ჩარტერში ხარჯავს და საიდან, არავინ იცის. ეს ხალხი უნდა დადიოდეს პროკურატურაში. ბენზინში რომ ორმაგ ფასს გვახდევინებენ და მონოპოლისტები არიან, ეს ადამიანები უნდა იყვნენ პროკურატურაში დაბარებული, მაგრამ რას აკეთებენ? იმ ადამიანებს დევნიან, ვინც ამაზე საუბრობს. ცხადია, გავაგრძელებთ ამ თემებზე საუბარს და გავაგრძელებთ ბრძოლას გამარჯვებამდე“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.