ლევან ხაბეიშვილი - ხალხს მოჰპარეს არჩევნები, სალომე ზურაბიშვილი დასვეს კრიმინალურად, ამიტომ „ნაციონალური მოძრაობის“ პოზიციაა, რომ იმპიჩმენტში, ამ სიგიჟეში მონაწილეობას არ მიიღებს
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის განაცხადებით, პარტიის პოზიციაა, რომ პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურაში მონაწილეობას არ მიიღებენ.
მისივე თქმით, აღნიშნულ საკითხზე დღევანდელ პოლიტსაბჭოს სხდომაზე იმსჯელებენ და ოფიციალურ გადაწყვეტილებას მიიღებს.
„ეს ქალბატონი არავის აურჩევია, დასვეს კრიმინალურად, ხალხს მოჰპარეს არჩევნები და ისეა სალომე ზურაბიშვილი არჩეული. ამიტომ „ნაციონალური მოძრაობის“ პოზიციაა, რომ ამ იმპიჩმენტში, ამ სიგიჟეში, რომელიც თავად დადგეს, მოიგონეს, მონაწილეობას არ ვაპირებთ. ეს არის პარტიის ფრაქციის გადაწყვეტილება. პოლიტიკური საბჭო ამაზე იმსჯელებს და საბოლოოდ ეს გაფორმდება, ამაზე პოლიტიკური საბჭო ოფიციალურ გადაწყვეტილებას მიიღებს“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.
ამასთან, როგორც ხაბეიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, პოლიტსაბჭოს სხდომაზე ასევე იმსჯელებენ „გამარჯვების პლატფორმის“ ფარგლებში „ნაციონალური მოძრაობის“ გეგმასა და სტრატეგიაზე.
„ასევე, მსჯელობა გვექნება „გამარჯვების პლატფორმის“ ფარგლებში „ნაციონალური მოძრაობის“ სტრატეგიაზე, გეგმასა და კამპანიაზე, რომელიც მთელ საქართველოში გვაქვს დაწყებული. ყველას თავისი პოზიცია აქვს, ჩვენთვის საინტერესო არის სკოლის მოსწავლეების პრობლემა, სტუდენტების, პენსიონერების“, – აღნიშნა ხაბეიშვილმა.