ლევან ხაბეიშვილი პოლიციელებს ქურდებსა და კრიმინალებს უწოდებს და აცხადებს, რომ კარავი მოჰპარეს
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ლევან ხაბეიშვილი პოლიციელებს ქურდბაცაცა კრიმინალებს უწოდებს.
როგორც ლევან ხაბეიშვილმა პარლამენტის შენობის წინ ჟურნალისტებს განუცხადა, მოქალაქეებს, ახალგაზრდებს, კონსტიტუციური უფლება აქვთ, პროტესტი გამოთქვან და კარავი გაშალონ პარლამენტის წინ.
„ეს ქურდბაცაცა კრიმინალი პოლიციაა, რომელიც კრიმინალის ნაცვლად ებრძვის სამოქალაქო აქტივისტებს. არ გვაძლევს შესაძლებლობას, მეორე კარავი მოგვპარეს, ხელიდან გაგვტაცეს ქურდებმა და კრიმინალებმა. ერთი წელი აქ რომ კარავი იდგა, ის ხომ კანონიერი იყო, კანონში შეიცვალა რამე? კანონიერად შეგვეძლო კანონის დადგმა. ეს ხალხი ესებუას დაკავების, კრიმინალთან ბრძოლის ნაცვლად, აქ მე და სამოქალაქო აქტივისტებს გვებრძვიან, აკავებენ, ეჭიდავებიან. ათამდე დაკავებული აქტივისტია, რომლებსაც ფიზიკურად გაუსწორდნენ ეს მავნებელი ადამიანები და ვწუხვარ, სახეზე აწერიათ, რომ გაუბედურებულები არიან. ამათი უმრავლესობა თვიდან თვემდე დამოკიდებული არიან ბანკომატზე, რომ შეყონ ბანკომატში ის კარტა და რაღაც 900 ლარი აიღონ, ამის გამო შეასრულებენ ბიძინას და გომელაურის ნებისმიერ დავალებას, საკუთარი ოჯახის წევრებს დაიჭერენ, ესენი არიან უნამუსოები“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.
საქართველოს პარლამენტთან სამართალდამცველებსა და ოპოზიციის მხარდამჭერებს შორის ცოტა ხნის წინ დაპირისპირება იყო. დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც ოპოზიციის მხარდამჭერები, რომლებიც რამდენიმე თვეა, საკანონმდებლო ორგანოს შენობის უკანა შესასვლელთან, კარვებში იმყოფებოდნენ, კარვის გადმოტანას პარლამენტის წინ ცდილობდნენ.
როგორც საქართველოს პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, პარლამენტთან დაპირისპირების დროს დაკავებულია ათი პირი, ადმინისტრაციული კოდექსის 173-ე მუხლით, რაც პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.