ლევან ხაბეიშვილი - პარტიის თავმჯდომარეები მიდიან, მოდიან, ამაში არაფერია ტრაგიკული, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს სჭირდება ლეგიტიმაცია ამომრჩევლისგან
„ნაციონალურ მოძრაობაში“ უმნიშვნელოვანესი პროცესი დაიწყო, მივესალმები ჩემი კოლეგების, მეგობრების, თანამებრძოლების ინიციატივას, რომელიც უკავშირდება პარტიაში მეტ გახსნილობას, ღიაობას, განახლებას, პარტიის თავმჯდომარის არჩევას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.
როგორც ლევან ხაბეიშვილმა აღნიშნა, მისასალმებელია, ნიკა მელიას განცხადება, რომ ჩატარდეს პარტიის თავმჯდომარის არჩევნები და ახლა მნიშვნელოვანია, ეს ყველაფერი სწრაფად დაორგანიზდეს, რადგან დასაკარგი დრო არც „ნაციონალურ მოძრაობას“ და არც ქართველ ხალხს არ აქვს.
„ნაციონალური მოძრაობა“ არის პარტია, რომელიც გადამწყვეტ როლს შეასრულებს რუსი ოლიგარქის და მისი კრიმინალური ხელისუფლების დასრულებაში. სწორედ ამიტომ, ამ პარტიას სჭირდება გადახალისება. ამ პარტიის თავმჯდომარეს, ვინც იქნება, სჭირდება ლეგიტიმაცია მისი ამომრჩევლისგან და მეტიც, ეს პარტია უნდა დაუბრუნდეს მის ამომრჩეველს“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.
მისივე თქმით, ყველანაირი დაპირისპირება, ყველანაირი გაუგებრობა, ერთმანეთთან რაიმე სახის მინიმალური დაპირისპირებაც კი, მიუღებელია.
„ჩემო ძვირფასებო, პარტიის ხელმძღვანელობასაც მივმართავ, ჩემს თანაგუნდელებს, თანაპარტიელებს, ჩვენს ამომრჩეველსაც, არჩევნები უნდა გამოვიყენოთ შესაძლებლობად, გასაძლიერებლად და უზრუნველყოთ ისეთი პარტიული სტრუქტურის ჩამოყალიბება, რომელიც წინააღმდეგობას გაუწევს და დაამარცხებს რუს ოლიგარქს.
ყველას, მათ შორის პარტიის რაიონული ორგანიზაციების თავმჯდომარეებს მინდა, გითხრათ ღიად, 80% მქონდა მათთან კომუნიკაცია და ემხრობა პარტიის თავმჯდომარის არჩევნებს, ცვლილებებს. ჩვენი საკრებულოს წევრების, მათ შორის დედაქალაქის, სხვადასხვა რაიონების საკრებულოს წევრების უმრავლესობა ემხრობა არჩევნებს. ამიტომ, ამაში ტრაგიკული არაფერია, ღიაობა, გამჭვირვალობა, გახსნილობა გვჭირდება. მინდა, მოვუწოდო ყველა იმ ადამიანს, ვინც „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაკავშირებულია, ვინც გულშემატკივრობს ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს, დაივიწყეთ ყველანაირი წყენა, გაუგებრობა, რაც კი გქონიათ პარტიასთან და პარტიის ხელმძღვანელობასთან. კარები იხსნება, ყველას მოგიწოდებთ, ვისაც რაიმე პრეტენზია გაქვთ, რომ ეს პარტია იყოს ძლიერი, წამოაყენეთ კანდიდატურები და შედით გადამწყვეტ ბრძოლაში, მათ შორის პარტიის გაძლიერებისთვის.
დარწმუნებული ვარ, ჩემი კოლეგები ძალიან კარგად გაიაზრებენ ამ პროცესს და კონკრეტულ განცხადებებს მინდა ხაზი გავუსვა, არ შეიძლება პარტიზანები ეძახო შენს თანამებრძოლებს, ეს არის წარმოუდგენელი დამოკიდებულება პარტიის წევრების მიმართ. მოგიწოდებთ სიმშვიდისკენ, ერთიანობისკენ და ჩვენ, როგორც ცივილიზებული, თანამედროვე, პროგრესული პარტია, უნდა უზრუნველყოთ, რომ ეს არჩევნები გამოვიყენოთ პარტიის გასაძლიერებლად“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.
კითხვაზე, აპირებს თუ არა პარტიის თავმჯდომარის არჩევნებში კენჭისყრას, ლევან ხაბეიშვილმა აღნიშნა, რომ არ აპირებს.
„მოვუწოდებ ყველა ლიდერს, ყველა „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაკავშირებულ ადამიანს, რომელსაც აქვს სურვილი, რომ პარტიაში იყოს ცვლილებები, მე ვარ მომხრე განახლების და ვარ მომხრე ცვლილებების. პარტიის თავმჯდომარეები მიდიან, მოდიან, ამაში არაფერია ტრაგიკული, არანორმალური და არც პარტიის სისუსტეზე მეტყველებს, მეტიც პარტიის სიძლიერეა, როცა არის უამრავი ლიდერი „ნაცების“ გარშემო, ვისაც შეუძლია, პარტიის გაძლიერება. არანაირი პარტიის თავმჯდომარის პოსტი ლევან ხაბეიშვილს არ აინტერესებს. რაც არ გამორიცხავს, რომ მაქვს კონკრეტული პოზიცია ცვლილებებთან დაკავშირებით“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.