ლევან ხაბეიშვილი - ორი ყური და ორი თვალი მაქვს, მოვისმინე და ვუყურე სამი წუთის განმავლობაში მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, ისე გავიგე, როგორც თქვა, და თქვა ნიკა მელიაზე
ლევან ხაბეიშვილი - ორი ყური და ორი თვალი მაქვს, მოვისმინე და ვუყურე სამი წუთის განმავლობაში მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, ისე გავიგე, როგორც თქვა, და თქვა ნიკა მელიაზე

ორი ყური და ორი თვალი მაქვს, მოვისმინე და ვუყურე სამი წუთის განმავლობაში მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, ისე გავიგე, როგორც თქვა, და თქვა ნიკა მელიაზე, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

„მიხეილ სააკაშვილმა, თავად, მისავე განცხადებაში, რამდენიმე წუთის განმავლობაში აბსოლუტურად არაორაზროვნად განაცხადა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ლანძღვა-გინებას პარტიის შიგნიდან უნდა მორჩნენ. სიტყვასიტყვით, რამდენჯერმე, აბსოლუტურად არაორაზროვნად გააკეთა განცხადება. დარწმუნებული ვარ, ეს ეხებოდა ნიკა მელიას, რადგან მთელი ამ თვეების განმავლობაში ის საუბრობს „პოსტივის“, „იმედის“, კობახიძისა და ღარიბაშვილის ენით. მას ეხებოდა, მის გარდა არ არსებობს პარტიაში სხვა, ვინც ამას კადრულობს. პრეზიდენტ სააკაშვილის განცხადება ეხებოდა პირადად მას.

რაც შეეხება ფეისბუქსტატუსს, დარწმუნებული ვარ, შემდეგ გამოსვლაზე, როგორც კი შესაძლებლობა ექნება, იტყვის სახელსა და გვარს. დარწმუნებული ვარ და იმედი მაქვს, იტყვის, ვინ არის ის ადამიანი, ვინც აზიანებს მთავარ ინტერესს, რომ ვებრძოლოთ ბიძინა ივანიშვილს და არა – „ნაციონალურ მოძრაობას“. ხაზს ვუსვამ, მე კი არ გავიგე, სრულიად საზოგადოებამაც გაიგო და არ არსებობს მეორე ადამიანი, ვინც იტყვის, რომ ეს არ ეხებოდა ნიკა მელიას, რადგან ხაზგასმით საუბარი იყო, რომ პარტიის ლანძღვა არ შეიძლება და ხაზგასმით საუბარი იყო, რომ თუ ვინმეს არ მოსწონს რამე პარტიაში, შეუძლია, სხვა გადაწყვეტილება მიიღოს. ბუნებაში არ არსებობს ხალხი ან რაიმე ჯგუფი, რომელმაც ეს გაიგო სხვანაირად. მე ორი ყური და ორი თვალი მაქვს, მოვისმინე და ვუყურე სამი წუთის განმავლობაში მის განცხადებას. მე ისე გავიგე, როგორც თქვა, და თქვა ნიკა მელიაზე“,- განაცხადა ხაბეიშვილმა.

მისივე თქმით, პარტიის დაზიანების შესაძლებლობას არავის მისცემს.

„ყველამ კარგად უნდა იცოდეს, რომ აღარ ვაპირებ, მივცე ვინმეს შესაძლებლობა, გააგრძელოს პარტიის სახელის გამოყენება და დაზიანება. ამ ადამიანმა საკუთარი თავი გარიცხა და რიცხავს ყოველდღე თავისი საჯარო განცხადებებით. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრობა არ განისაზღვრება მანდატით ან დოკუმენტებით, ეს განისაზღვრება მოქმედებებით, საქციელებით. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი როცა ხარ, უნდა გქონდეს თავმოყვარეობა.

დაველოდოთ მოვლენების განვითარებას და საზოგადოება გაიგებს, ვაპირებ თუ არა, მივცე ამის საშუალება ადამიანებს, რომლებიც რვა თვის განმავლობაში ივანიშვილის, ღარიბაშვილისა და კობახიძის ენით საუბრობენ. კარგად დაიმახსოვრონ, აღარ მივცემთ იმის შესაძლებლობას, რასაც ამ თვეების განმავლობაში აკეთებდნენ. უნდა მუქარად აღიქვას, უნდა – სიმღერად და უნდა – ლექსად. თავმოყვარეობა უნდა ეყოს ყველას და თუ ვინმეს რამე არ მოსწონს, თავად მიიღოს გადაწყვეტილება. ნუ მაიძულებს, რომ მივუთითო, სადმე კუთხეში დადგეს, ან რაიმე კონკრეტული გადაწყვეტილება მიიღოს. მიიღოს, როგორც უნდა, ყველამ. არ ვაპირებ, „ნაციონალური მოძრაობის“ ზიანი შევარჩინო და ვაპატიო ვინმეს, პირდაპირ გეუბნებით, მორჩა, დახურულია ეს თემა, ეს ხალხი „ნაციონალური მოძრაობის“ სახელით ამას ვეღარ გააკეთებს“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

3 ნოემბერს სასამართლო პროცესზე დისტანციურად ჩართვისას მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა: „პარტიის შიგნიდან თუ გინდათ პარტიის ლანძღვა, სჯობს, გახვიდეთ და რაღაც თქვენი გააკეთოთ, ვიდრე პარტია შიგნიდან დაასუსტოთ. შემდეგ მეტი შანსია, რომ ერთად შეიკრიბოთ და მაინც ერთობლივად მოგვიხდება ყველაფრის გაკეთება. ჩვენ არ გვჭირდება შიგნიდან რყევა“. გუშინ გამოქვეყნებულ ფეისბუქპოსტში კი სააკაშვილი წერს: „მაღალი წარმოდგენის ვარ ნიკა მელიას დამსახურებაზე და მის შესაძლებლობაზე, ჩემს გამოსვლაში ვსაუბრობდი პარტიის მდგომარეობასა და პერსპექტივებზე“.