ლევან ხაბეიშვილი - ნიკა მელიას გულის ტკივილი უკავშირდებოდა იმას, რომ საქართველოში ჩამოსვლის შემთხვევაში, სააკაშვილს არც თავისუფალი სასამართლო ექნებოდა და არც წითელი ხალიჩები
ნიკა მელიას გულის ტკივილი უკავშირდებოდა იმას, რომ საქართველოში ჩამოსვლის შემთხვევაში, სააკაშვილს არც თავისუფალი სასამართლო ექნებოდა და არც წითელი ხალიჩები, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.
ხაბეიშვილმა კომენტარი გააკეთა ვიდეოჩანაწერზე, სადაც ნიკა მელია მიხეილ სააკაშვილის შესახებ საუბრობს.
„სააკაშვილის ჩამოსვლასთან დაკავშირებით რომ ნიკა მელიას ჰქონდა პოზიცია, არის ნორმალური, რაზეც ის საუბრობს. საუბარი იყო იმაზე, რომ თუ სააკაშვილი ჩამოვიდოდა საქართველოში, აქ მას რუსული რეჟიმი დააპატიმრებდა და ეცდებოდნენ მისი ჯანმრთელობის, სიცოცხლის ხელყოფას. ამაზე სხვათა შორის, სააკაშვილი საუბრობდა, რომ მისი დასავლელი, ევროპელი მეგობრები ეუბნებოდნენ, რომ საქართველო არც ევროპაა და არც დემოკრატიული მიმართულებით ვითარდება, იქ არის რუსული რეჟიმი, კლანური სასამართლო, სადაც თქვენ გემუქრებათ პატიმრობა და შესაძლოა, სიკვდილით დასჯაც კი. ამიტომ ისინი აფრთხილებდნენ, რომ სააკაშვილი არ ჩამოსულიყო საქართველოში, რაც თავიდან ბოლომდე ცხადია, გააზრებული ჰქონდა პრეზიდენტ სააკაშვილსაც. ეს ისედაც ცხადი იყო, შესაბამისად, მელიას პოზიციაც სააკაშვილის ჩამოსვლასთან მიმართებით უკავშირდება იმას, რომ საქართველოში მას დახვდებოდა რუსული რეჟიმი.
მოგეხსენებათ, მსოფლიოში მოიძებნება მხოლოდ ორი ქვეყანა, სადაც სააკაშვილს ემუქრება თავისუფლების აღკვეთა ან რაიმე სხვა ზიანი. ეს არის რუსეთი და საქართველო, სხვაგან სააკაშვილს 9 წლის განმავლობაში პრობლემა არ შექმნია. მელიას გულის ტკივილი უკავშირდებოდა იმას, რომ სააკაშვილს არც თავისუფალი სასამართლო ექნებოდა და არც წითელი ხალიჩები“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.