ლევან ხაბეიშვილი - „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებს ბოდიშს ვუხდი, რომ იხილეს პოლიტიკურად აბსოლუტურად გაშიშვლებული, მოჭორიკნო პარტიის ხელმძღვანელი
მინდა, ბოდიში მოვუხადო „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებს, რომ იხილეს პოლიტიკურად აბსოლუტურად გაშიშვლებული, უარგუმენტო და მოჭორიკნო პარტიის ხელმძღვანელი, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის კანდიდატმა, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.
ლევან ხაბეიშვილმა კომენტარი გააკეთა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას გუშინდელ განცხადებებზე.
როგორც ხაბეიშვილმა აღნიშნა, საზოგადოებამ პასუხისმგებლობისგან დაცლილი ჯერ კიდევ მოქმედი თავმჯდომარის ინტერვიუ იხილა.
„გაოცებული ვარ. არცერთი სიტყვა პრეზიდენტ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე, მის გადაყვანაზე, გეგმებზე, მოქმედებაზე, პარტიის გაძლიერებაზე, რუსი ოლიგარქის დამარცხებაზე, მის მავნებლობაზე, არანაირი კომუნიკაცია აქტივთან და პარტიის წევრებთან. მინდა, ბოდიში მოვუხადო „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებს, რომ იხილეს აბსოლუტურად გაშიშვლებული პოლიტიკურად, უარგუმენტო და მოჭორიკნო პარტიის ხელმძღვანელი.
ნიკა მელიამ უნდა გაიგოს, რომელ პარტიაში იღებს მონაწილეობას არჩევნებში. მას ალბათ ჰგონია, რომ სხვა პარტიის წარმომადგენელია ან სხვა პარტიაში იცავენ, და თავს ესხმის ლევან ვარშალომიძეს, რუსთავში გამარჯვებულ დავით კირკიტაძეს, გამარჯვებულ ბასიშვილს, პეტრე ცისკარიშვილს, არ ვიცი, დატოვა ვინმე „ნაციონალურ მოძრაობაში“, ვისაც თავს არ ესხმის?“ – აღნიშნა ხაბეიშვილმა „ფორმულას“ ეთერში.