ლევან ხაბეიშვილი - „ნაციონალურ მოძრაობაში“ 23 ნოემბერს ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური გადაწყვეტილებები იქნება მიღებული, მათ შორის კონკრეტულ ადამიანებთან დაკავშირებით
20 წელი გადის 23 ნოემბერს „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, მაშინ საქართველოს მოქალაქეებმა პრეზიდენტ სააკაშვილთან ერთად და „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად დაამარცხეს კორუფცია, ჭაობიდან შექმნეს სახელმწიფო, ქვეყანა მიდიოდა წინ ძალიან დიდი ნაბიჯებით, მათ შორის ევროპული ოჯახისკენ, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, „ვარდების რევოლუციის“ 20 წლისთავი მნიშვნელოვანი თარიღია საქართველოს ისტორიაში და „ნაციონალური მოძრაობა“ ამ თარიღს აღნიშნავს.
„ყველამ კარგად იცის, საჯაროდ, რომ 23 ნოემბერს ჩვენ ღონისძიებას ვაპირებთ. უახლოეს დღეებში ან რამდენიმე საათშიც, შეიძლება, კონკრეტული ადგილიც გახდეს ცნობილი და, შესაბამისად, სოციალური ქსელებიდანაც, სატელევიზიოდანაც, ჩვენ ყველა ჩვენს გულშემატკივარს, მხარდამჭერს, ცხადია, ვეპატიჟებით. არაფერი მოსაწვევი საჭირო არ იქნება. 23 ნოემბერი არის საქართველოს მოქალაქის გამარჯვების დღე და, შესაბამისად, ყველას შეუძლია, მოვიდეს, ვისაც გაუხარდება და ვისაც სურვილი ექნება“,- განაცხადა ხაბეიშვილმა.
როგორც ხაბეიშვილმა განაცხადა, მიესალმება მიხელ სააკაშვილის ინიციატივას მანიფესტთან დაკავშირებით. მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ უერთდება ყველა ისეთ მანიფესტს, რომელიც მოწოდებული იქნება ერთობისკენ.
ამასთან, ლევან ხაბეიშვილის ინფორმაციით, 23 ნოემბერს ძალიან მნიშვნელოვან პოლიტიკური გადაწყვეტილებები იქნება მიღებული, მათ შორის კონკრეტულ ადამიანებთან დაკავშირებით.
„ერთ რამეში ვარ დარწმუნებული, რომ წინა სასამართლო სხდომაზე საჯაროდ გაკეთებული განცხადება პრეზიდენტ სააკაშვილის, ცხადია, ეხებოდა ნიკა მელიას. დარწმუნებული ვარ, მანიფესტი, რომელიც საჯაროდ თქვა პრეზიდენტმა სააკაშვილმა, რომ იქნება, მივესალმებით. ვუერთდებით „ნაციონალური მოძრაობა“ ყველა ისეთ მანიფესტს, რომელიც მოწოდებული იქნება ერთობისკენ. დაველოდოთ 23 ნოემბერს, ძალიან მნიშვნელოვანი თარიღია და, მათ შორის, იქნება მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებებიც. მგონია, რომ უფრო მნიშვნელოვანი არის 23 ნოემბერს სხვა პოლიტიკური გადაწყვეტილებები, რომელსაც საზოგადოება ნახავს, ვიდრე კონკრეტული ერთი ადამიანის ჭირ-ვარამი.
23 ნოემბერს ძალიან მნიშვნელოვან პოლიტიკური გადაწყვეტილებები იქნება მიღებული „ნაციონალურ მოძრაობაში“, გამარჯვების კოალიციაში. ჩვენ კოალიციურად ვაპირებთ ყველა გადაწყვეტილების მიღებას. შესაბამისად, საზოგადოებას ეცოდინება „ნაციონალური მოძრაობის-სტრატეგია აღმაშენებლის“, ანუ გამარჯვების კოალიციის სტრატეგია სამომავლოდ. შესაბამისად, დაველოდოთ 23 ნოემბერს. რაც შეეხება კონკრეტულ ადამიანებს, ამასთან დაკავშირებითაც იქნება კონკრეტული გადაწყვეტილებები“,- აღნიშნა ლევან ხაბეიშვილმა.
მიხეილ სააკაშვილმა რამდენიმე დღის წინ „ნაციონალურ მოძრაობას“ შესთავაზა, შექმნან ერთიანობის მანიფესტი. „თუ ვინმე არ მოისურვებს ხელის მოწერას, ავტომატურად დაიყენებს თავს პარტიის გარეთ“, – აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.