ლევან ხაბეიშვილი - მზად ვართ ყველასთან სათანამშრომლოდ, მათ შორის მიმდინარეობს კონსულტაციები კოალიციურ მთავრობებთან დაკავშირებით ადგილობრივ თვითმმართველობებში
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, მზად არიან ყველასთან სათანამშრომლოდ, მათ შორის მიმდინარეობს კონსულტაციები ადგილობრივ თვითმმართველობებში კოალიციურ მთავრობებთან დაკავშირებით.
მისივე თქმით, კონსულტაციების შედეგებს პარტია გააცნობს საზოგადოებას, თუმცა ჯერ მოლაპარაკებები დასრულებული არ არის.
„დაველოდოთ მოლაპარაკებების დასრულებას. გახარიას ინიციატივა ძალიან მნიშვნელოვანია. ყველა პოლიტიკურმა ლიდერმა გაითვალისწინოს, რომ მნიშვნელოვანია ნამდვილი ოპოზიციის კოორდინირება, მათ შორის, მუნიციპალიტეტებში მნიშვნელოვანია იმ ადამიანების ჩართულობა, ვისაც გარკვეული მხარდაჭერა გვქონდა, ვგულისხმობ გახარიას. ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ და მეტიც, მოვუწოდებ მათ, ძალიან მნიშვნელოვანია საერთო კორდინაცია „ქართული ოცნების“ დასამარცხებლად. აქ ვართ. ნებისმიერი კონსულტაცია, როგორც ადგილობრივ დონეზე, ასევე პარტიების დონეზე უნდა იყოს, და ვფიქრობ, იქნება კიდეც.
ადგილებზე ჩვენს პარტიის წარმომადგენლებს რომ ჰქონდათ კონსულტაციები სხვადასხვა პოლიტიკურ გაერთიანებებთან, ეს ნორმალურია იმ ადამიანებისთვის, ვინც ნამდვილ ოპოზიციაშია. ჩვენ აუცილებლად გვექნება კონსულტაციები, მითუმეტეს, თუ საკრებულოებში ჰყავთ წარმომადგენლები. ეს აბსოლუტურად ლეგიტიმური და სწორია. კონსულტაცია იქნება, ყველასთან, ვინც შედეგზე იქნება ორიენტირებული“, – აღნიშნა ლევან ხაბეიშვილმა.
პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ დღეს განაცხადა, რომ „ქართული ოცნება“, ისევე როგორც „ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს, ფარული მოლაპარაკებების ფარგლებში მიაღწიონ მათთან შეთანხმებას, რომ მათთვის მისაღები კანდიდატურებით დაკომპლექტდეს საკრებულო“.
გახარიას თქმით, პარტია „საქართველოსთვის“ „ოცნებას“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ სთავაზობს ღია სამმხრივ მოლაპარაკებებს, რომლის მიზანიც იქნება დაბალანსებული საკრებულოების საკადრო შემადგენლობების მიღება.