ლევან ხაბეიშვილი - მოსამართლეებს, პროკურორებს და იმ მაღალი თანამდებობის პირებს, რომლებიც ღამის ზარებს ახორციელებენ და პოლიტიკურად მოტივირებულ გადაწყვეტილებებს იღებენ, მშვიდად არ უნდა ეძინოთ
სახელმწიფო დეპარტამენტი როდესაც ამბობს, რომ „კლანი“ არსებობს, ეს ადამიანები კი თანამდებობაზე მუშაობას აგრძელებენ, არანორმალური დამოკიდებულებაა, ვფიქრობ, ამ მიმართულებით აღარაფერი არ არის გამოსაძიებელი, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, სანქცირებაზე გადაწყვეტილებას აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი მტკიცებულებების გარეშე არ მიიღებდა.
„მოსამართლეებთან დაკავშირებით არანაირი კითხვის ნიშანი აღარ არსებობს. სახელმწიფო დეპარტამენტმა შავით თეთრზე დაწერა და მეტიც, ელჩმა განმარტება გააკეთა. საუბარია სასამართლო სისტემაში ქრთამის აღებაზე, ნეპოტიზმზე, დაშინებაზე, პოლიტიკურად მოტივირებულ გადაწყვეტილებაზე. დარწმუნებული ვარ, მტკიცებულებების გარეშე ეს გადაწყვეტილება არ იქნებოდა მიღებული. წლების განმავლობაში პოლიტიკური პარტიები და სამოქალაქო საზოგადოება, მათ შორის ქვეყნის გარედან, ასევე ჩვენი პარტნიორები საუბრობდნენ საქართველოში სასამართლო კლანზე, ნეპოტიზმსა და კორუფციაზე. ამაზე არაერთი მტკიცებულება არსებობს.
რა მტკიცებულებები გჭირდებათ იმისთვის, რომ, მაგალითად, შენგელია არის კლანის წევრი და მთელი ნეპოტიზმის ხე აქვთ აწყობილი. სიძე-ცოლისძმა გასაუბრებებს ერთმანეთთან გადიან სასამართლოში. სახელმწიფო დეპარტამენტმა კარგად დაინახა, რომ ქართველი ხალხის ევროპულ არჩევანს უჭერს მხარს და სანქციებიც არის. მინდა, გითხრათ, რომ იმ მოსამართლეებმა უნდა იფიქრონ, ვისაც, სავარაუდოდ, სანქცია ელოდება. მეტიც, როდესაც აშშ ზეწოლასა და ქრთამზე საუბრობს, ე.ი. ვიღაცის მხრიდან იყო ეს ქრთამი მიწოდებული. ამიტომ პროკურორებსაც არ უნდა ეძინოთ მშვიდად, მათ შორის იმ მაღალი თანამდებობის პირებსაც, რომლებიც ღამის ზარებს ახორციელებენ და პოლიტიკურად მოტივირებულ გადაწყვეტილებებს იღებენ. დარწმუნებული ვარ, ნელ-ნელა ისინი თუ ჭკუაზე არ მოვლენ, და ეჭვი მაქვს, არ მოვლენ, სხვებსაც შეექმნებათ ეს პრობლემები. ისინიც იქნებიან სანქცირებული, მათ შორის ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირები, პარლამენტარები, რომლებმაც „რუსულ კანონს“ მისცეს ხმა“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.
კითხვაზე, დაუჭერს თუ არა მხარს საგამოძიებო კომისიის შექმნას, ხაბეიშვილმა აღნიშნა:
„ვფიქრობ, ამ მიმართულებით გამოსაძიებელი აღარაფერი არ არის. სახელმწიფო დეპარტამენტი როდესაც ამბობს, რომ „კლანი“ არსებობს, კონკრეტულ მოსამართლეებზეა საუბარი, ეს ადამიანები კი თანამდებობაზე მუშაობას აგრძელებენ, არანორმალური დამოკიდებულებაა“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.