ლევან ხაბეიშვილი მელიაზე - თავმჯდომარეობის გარდა, ყველაფერს დავუთმობ, დავიღალე, თუ რამე უნდა „ნაციონალურ მოძრაობაში“, ნებისმიერ რამეზე მზად ვართ, ოღონდ თქვას, რა უნდა, მე ვერ გავიგე
თავმჯდომარეობის გარდა, ყველაფერს დავუთმობ, ვინ გადავაგდოთ, მითხარი. დავიღალე მართლა, აღარ შემიძლია. თავმჯდომარედ ამირჩია ხალხმა და პასუხისმგებლობა ხომ მაქვს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა „ტვ პირველთან“ საუბრისას ნიკა მელისთან დაკავშირებით განაცხადა.
ხაბეიშვილი მიიჩნევს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ბაჩო დოლიძე და ნიკა მელია ბიძინა ივანიშვილთან ბრძოლის საკითხზე უნდა კონცენტრირდნენ.
„არჩევნებიო რომ იძახიან, სადაც უნდათ. 63 არჩევნებს ვატარებ, ჩავატარებ ყველა არჩევნებს. ჩვენ ყველა გავალთ პოლიტსაბჭოდან, ვინც არჩევნები მოვიგეთ და თვითონ იყვნენ, არ გვაქვს პრობლემა. ოღონდ ბიძინას ებრძოლონ და მოვიდნენ ყველა. სამდივნოებში უნდათ? იქაც მოვიდნენ. პოლიტსაბჭოში უნდათ? მოვიდნენ, ოღონდ მისამართი გაასწორონ. ნიკასაც თუ რამე უნდა „ნაციონალურ მოძრაობაში“, ნებისმიერ რამეზე მზად ვართ, ოღონდ თქვას, რა უნდა, მე ვერ გავიგე. მთელი ამ ხნის განმავლობაში არ გამიგია, სატელევიზიო სიუჟეტები აკეთონ მათ კლანზე, მურუსიძე-ჩინჩალაძეზე, ბიძინაზე, ივანიშვილის ოლიგარქობაზე. მიშამ აიღო ორი ჯილდო, ბაჩო დოლიძე რომ ხარ, თქვი, რომ ნახე, რა მაგარია, მიშამ ჯილდო აიღო. სამდივნოში თუ უნდა ბაჩოს, უთხარი, ხაბეიშვილს შენთან შეთავაზება აქვს-თქო, ოღონდ ბიძინაზე გადაერთე-თქო, ნებისმიერ სამდივნოს ხელი დაადოს“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.