ლევან ხაბეიშვილი - მელიას დიდი ხანია, გარიცხული ჰყავს საკუთარი თავი პარტიიდან, ან მოაწერს ხელს მანიფესტს, რომელსაც სააკაშვილი გაასაჯაროებს, ან კონკრეტული გადაწყვეტილების მიღება მოგვიწევს
მელიას, დიდი ხანია, გარიცხული ჰყავს საკუთარი თავი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრობიდან, ფაქტობრივად, თავისივე გადაწყვეტილებით არის გარიცხულიც და გარიყულიც, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.
ხაბეიშვილი არ გამორიცხავს, რომ მელიამ მანიფესტის ხელმოწერაზე გადაწყვეტილება მიიღოს.
„„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი, მთავარი არის პრეზიდენტი სააკაშვილი. მან კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ მნიშვნელოვანია ერთობა. ჩვენც ამას ვსაუბრობთ ამ თვეების განმავლობაში. კონკრეტული დისკომფორტი თუ ვინმეს ჰქონდა, მათ შორის, პოლიტიკურ საბჭოში კონკრეტულ ადამიანებს პრობლემა თუ ჰქონდათ და აქვთ, სააკაშვილმა თქვა, რომ ის უხელმძღვანელებს და თავად იქნება ჩართული პროცესში. რაც შეეხება კონკრეტულ ერთ ადამიანს, ამ თვეების განმავლობაში ყბადაღებული თემა გახდა მისი ჭირ-ვარამი, წუწუნი და რაღაც შეუგუებლობა. ნაცვლად ხალხის პრობლემებზე საუბრისა, მხოლოდ თავის პრობლემებს მოთქვამს. ეს ადამიანი ან მიიღებს გადაწყვეტილებას 23 ნოემბრამდე, მოაწერს ხელს მანიფესტს, რომელსაც სააკაშვილი აუცილებლად გაასაჯაროებს, ან კონკრეტული გადაწყვეტილების მიღება მოგვიწევს. ამ დროისთვის უკვე საკუთარი თავი გარიცხული ჰყავს მელიას თავისივე პოზიციებით. მელიას, დიდი ხანია, გარიცხული ჰყავს საკუთარი თავი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრობიდან, ფაქტობრივად, თავისივე გადაწყვეტილებით არის გარიცხულიც და გარიყულიც.
რაც შეეხება იურიდიულ პროცედურას, მელია თუ მოგვმართავს ამასთან დაკავშირებით და თავის სტატუსთან დაკავშირებით, აუცილებლად მიიღებს ადეკვატურ პასუხს მას შემდეგ, თუ არ მიიღებს გადაწყვეტილებას [მანიფესტზე]. შესაძლოა, მანიფესტთან დაკავშირებით მიიღოს გადაწყვეტილება, რომ ხელს აწერს, არანაირი პრობლემა არ მაქვს, მობრძანდეს, თუ ივანიშვილის წინააღმდეგ უნდა ბრძოლა. სხვა მიზნები და ამოცანები თუ აქვს, ის, უკვე დიდი ხანია, გარიცხულია. რა აინტერესებს, იურიდიულად „მგლის ბილეთი“ დააინტერესებს? მოგვწერს და გავცემთ შესაბამის პასუხს, იურიდიულად არის თუ არა წევრი“, – განუცხადა ხაბეიშვილმა ჟურნალისტებს.
საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა დღევანდელ სასამართლო პროცესზე დისტანციურად ჩართვისას განაცხადა: „ჩემს თავზე ვიღებ პოლიტიკურ პასუხისმგებლობას, ყველა ჩვენი გამოცდილი მებრძოლი და ძალიან ბევრი დამსახურებული ადამიანი, რომელიც რატომღაც გარიყული აღმოჩნდა პოლიტიკური საბჭოდან, დაბრუნდეს. ჩემს თავზე ვიღებ პოლიტიკური საბჭოს კოორდინაციას. დღევანდელი პოლიტსაბჭო კიდევ უფრო ლეგიტიმური გახდება, თუ ადრე არჩეულ ხალხსაც დავაბრუნებთ“.