ლევან ხაბეიშვილი - მე ვაკეთებ პრეზენტაციას და მელია რატომ უნდა იყოს მოწვეული, რა შუაშია, ნუ გადამრევთ, არასამთავრობოა თუ დიპლომატი?
მე ვაკეთებ პრეზენტაციას და მელია რატომ უნდა იყოს მოწვეული, რა შუაშია? არასამთავრობოა თუ დიპლომატი? – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა პრეზენტაციის – „შიდაპარტიული დემოკრატიის გაძლიერება“ დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა.
ლევან ხაბეიშვილის თქმით, დღეს შეხვედრა აქვთ დიპლომატებთან და მოსაწვევი არ გაუგზავნიათ მათთვის, ვინც არ არის არასამთავრობო ორგანიზაციის წევრი ან დიპლომატი.
„მელია მოწვეული რატომ უნდა იყოს? მე ვაკეთებ პრეზენტაციას და მელია რა შუაშია, ნუ გადამრევთ. პარტიის წევრები არიან დღეს აქ? მელია არასამთავრობოა თუ დიპლომატი? პრეზენტაციას ვაკეთებთ მე და გენერალური მდივანი. მოწვევა რა შუაშია, რა მოგივიდათ. დიპლომატებს და არასამთავრობოებს ვხვდები და მელიას რატომ არ დაუძახეთო. 500 000 პარტიის წევრია და რატომ მათზე არ მეკითხებით? ის, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ არ მოიწვია მელია, არასერიოზულია. დღეს შეხვედრა გვაქვს დიპლომატებთან და მოსაწვევი არავისთვის გაგვიგზავნია, ვინც არ არის არასამთავრობოს წევრი ან დიპლომატი. მოვიწვიეთ დიპლომატიური კორპუსი და არასამთავრობოები და მათ უნდა იცოდნენ, ყველაზე ძლიერ პარტიაში როგორი დემოკრატიული პროცესებია“, – აღნიშნა ლევან ხაბეიშვილმა.