ლევან ხაბეიშვილი - კვლევამ აჩვენა „ნაციონალური მოძრაობის“ რეიტინგის ზრდა, ასევე დასტურდება, რომ პროდასავლურ ოპოზიციას აქვს გარკვეული შედეგები, ყველას ერთად შეგვიძლია რუსული ოცნების დამარცხება
ლევან ხაბეიშვილი - კვლევამ აჩვენა „ნაციონალური მოძრაობის“ რეიტინგის ზრდა, ასევე დასტურდება, რომ პროდასავლურ ოპოზიციას აქვს გარკვეული შედეგები, ყველას ერთად შეგვიძლია რუსული ოცნების დამარცხება

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევის მიხედვით ჩანს, რომ „ქართულ ოცნებას“ პოლიტიკური მხარდაჭერა აღარ აქვს.

ხაბეიშვილის თქმით, კვლევამ ასევე აჩვენა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ რეიტინგი უკანასკნელი თვეების განმავლობაში იზრდება. ლევან ხაბეიშვილი ამბობს, რომ პროდასავლურ ოპოზიციას გარკვეული შედეგები აქვს, რაც მნიშვნელოვანია.

„რუსული ოცნების მთელი ე.წ. რეიტინგი დგას დაშინებაზე, მუქარაზე, ადმინისტრაციულ რესურსზე, მათ პოლიტიკური მდგენელი უკვე აღარ აქვთ, ეს დამტკიცდა ამ კვლევითაც. კვლევამ ასევე აჩვენა, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ უკანასკნელი თვეების განმავლობაში აქვს ზრდა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ამ კვლევით ასევე დასტურდება, რომ პროდასავლურ ოპოზიციას აქვს გარკვეული შედეგები, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის. ამიტომ გვგონია, საერთო ჯამში, ყველამ კარგად უნდა გაიაზროს, რომ გვყავს საერთო მტერი და ეს არის რუსი ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი, რომელიც საბოტაჟირებს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს და ჩვენს ევროპულ მომავალს. ამიტომ ამ თემის ირგვლივ გაერთიანება არის მნიშვნელოვანი. საბოლოოდ როგორ ჩამოყალიბდება, რა კონფიგურაცია იქნება, ამას დრო გვიჩვენებს და საზოგადოებაც თავად ნახავს, თუმცა თამამად შემიძლია ვთქვა, რომ დარწმუნებული ვარ, რუსული ოცნებისთვის უმძიმესი პერიოდი დგება და ჩვენ, ყველას ერთად, შეგვიძლია რუსული ოცნების დამარცხება საქართველოში“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

ხაბეიშვილის განმარტებით, მნიშვნელოვანია, „ყველა ერთად ებრძოლოს რუსულ ოცნებას“.

„ოპოზიციონერი რომ არის ადამიანი, ბიძინა ივანიშვილის ოპოზიციაშია და ებრძვის რუსულ ოცნებას, მთავარია, კარგად გაიაზროს, რომ მიზანი გაასწოროს, მისამართი ჰქონდეს გასწორებული, ვებრძოლოთ ყველა ერთად რუსულ ოცნებას. შესაბამისად, თუ ვინმეს მარტო უნდა გასვლა ან რაიმე ცალკე კოალიციის გაკეთება, ეს მათი ნებაა. დარწმუნებული ვარ, ქართველი ხალხი საბოლოოდ რუსული ოცნების წინააღმდეგ გააკეთებს არჩევანს. იმაშიც დარწმუნებული ვარ, რომ შემდეგი ხელისუფლება საქართველოში იქნება პროდასავლური და კოალიციური“, – აღნიშნა ლევან ხაბეიშვილმა.

გარდა ამისა, ლევან ხაბეიშვილის თქმით, „ქართული ოცნება“ ყველაფერს აკეთებს, რათა ქვეყანამ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი არ მიიღოს.

„ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს როცა საბოტაჟირებ და ყველაფერს აკეთებ, რომ ხალხმა, ქვეყანამ სტატუსი არ მიიღოს, ეს არის საბოტაჟი და ქვეყანაში არეულობის მცდელობა. თუ კანდიდატის სტატუსს ვერ მიიღებს ქვეყანა, ცხადია, ეს რუსული ოცნების, ირაკლი ღარიბაშვილის, ბიძინა ივანიშვილის და ამ კრიმინალური დაჯგუფების ბრალი იქნება, ეს არის სწორედ არეულობა, როცა ისინი ცდილობენ საქართველოს რუსეთის გუბერნიად გადაქცევას, ამასობაში კანდიდატის სტატუსს საბოტაჟირებენ. როცა ლაპარაკობენ არეულობაზე, კანდიდატის სტატუსის ვერ ან არმიღებაზე, საუბრობენ საკუთარ თავზე. დიახ, მათ უნდათ არეულობა, ამ ქვეყნის გარუსება, რაც არ გამოუვათ. ამიტომ მნიშვნელოვანია, საზოგადოება იყოს მობილიზებილი, რომ რუსულ ოცნებას არ მივცეთ შესაძლებლობა, საქართველოს გადაახვევინოს თავისი ისტორიული ნებისგან, რაც ევროპულ მომავალს უკავშირდება“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.