ლევან ხაბეიშვილი „კონსტრაქტ ვიჟენის“ საქმეზე გიორგი კვირიკაშვილის, დიმიტრი ქუმსიშვილისა და გიორგი გახარიას დაკითხვას ითხოვს
„ნაციონალური მოძრაობის“ საკრებულოს წევრი ლევან ხაბეიშვილი მთავარ პროკურატურას მოუწოდებს, „კონსტრაქტ ვიჟენისთვის“ გადაცემული ქონების მითვისება-გაფლანგვის ფაქტზე დაიკითხონ გიორგი კვირიკაშვილი, დიმიტრი ქუმსიშვილი და გიორგი გახარია. ხაბეიშვილმა ამის შესახებ განცხადება დღეს მთავარ პროკურატურაში შეიტანა.
საქმე დიდი ლილოს ტერიტორიაზე არსებულ ქონებას ეხება, რომელიც სახელმწიფომ მომღერალ გია გაჩეჩილაძის სიძეს, ბიზნესმენ გიორგი შარაშიძეს გადასცა, მაგრამ დაკისრებული ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, შარაშიძემ ქონება კვლავ უკან დააბრუნა, თუმცა ხაბეიშვილის განცხადებით, იქ შენობა-ნაგებობები აღარ იდგა.
ლევან ხაბეიშვილის თქმით, 2017 წლის დეკემბერში აღძრულ სისხლის სამართლის საქმეზე, ექვს თვეზე მეტია გასული და აინტერესებს, დაიკითხა თუ არა გიორგი კვირიკაშვილი, დიმიტრი ქუმსიშვილი და გიორგი გახარია.
„ქუმსიშვილი არის ადამიანი, რომელმაც გასცა სახელმწიფო ქონება, გახარია არის, რომელმაც ჩაიბარა თავისი ეკონომიკის მინისტრობის პერიოდში ქონება, რომელიც რეალობაში უკვე აღარ არსებობდა და ეს ქონება ექსპერტიზას ჰქონდა შეფასებული ნახევარ მილიონ ლარზე მეტად. შესაბამისად, ჩვენ გამოძიებისგან გვაინტერესებს კონკრეტული ადამიანები, რომლებიც თანამონაწილენი არიან სისხლის სამართლის დანაშაულში, არიან თუ არა დაკითხულები. თუ არ არიან, რატომ. ის, რომ რამდენიმე შენობა-ნაგებობა დედაქალაქის ერთ-ერთი უბნიდან აორთქლდა და ექვსი თვის განმავლობაში ვერ გამოიძიეს, ვინ გააქრო ეს შენობა-ნაგებობა, ამასთან დაკავშირებით პროკურატურამ მოგვაწოდოს ინფორმაცია. ჩვენ პროკურატურას მივაწოდეთ იმ კომპანიის სახელწოდებაც, რომელმაც კონკრეტულად მოახდინა ამ ქონების დაშლა, რაშიც მონაწილეობდა კვირიკაშვილის ძმაკაცის, გია გაჩეჩილაძის სიძეც“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.
შეგახსენებთ, „კონსტრაქტ ვიჟენმა“ ლილოს ტერიტორია სახელმწიფოსგან 2016 წელს გარკვეული სახის ინვესტიციების განხორციელების პირობით შეისყიდა, თუმცა ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, კვლავ სახელმწიფოს დაუბრუნა. ვალდებულების შეუსრულებლობას შარაშიძე მისი კომპანიის გაკოტრებით ხსნის.