ლევან ხაბეიშვილი - კომენტარები სოციალური ქსელიდან უნდა გადმოვიდეს რეალობაში, პროტესტი უნდა იყოს რეალური
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა პარტიის სამოქმედო გეგმა წარადგინა, რომელიც მთელი ქვეყნის მასშტაბით საპროტესტო აქციებს ითვალისწინებს.
როგორც პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე ხაბეიშვილმა განაცხადა, სოციალური ქსელიდან პროტესტმა უნდა გადმოინაცვლოს რეალობაში.
„კომენტარები სოციალური ქსელიდან უნდა გადმოვიდეს რეალობაში. პროტესტი უნდა იყოს რეალური. ჩვენ უნდა გადავიდეთ მოქმედებაზე. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ აპირებს ამას. უახლოეს პერიოდში, როცა მთელს საქართველოს მოვიცავთ, მე ვიქნები გარანტი იმის, რომ უზრუნველვყოფ დიდ საპროტესტო მუხტს დედაქალაქში, თუმცა ამისთვის საჭიროა მომზადება, ბრძოლა და მოქმედება“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.
მისი თქმით, საპროტესტო აქციები არ შეწყდება, ვიდრე მიხეილ სააკაშვილი არ იქნება თავისუფალი.
„მე და „ნაციონალური მოძრაობა“ გთავაზობთ შემდეგ გეგმას: პირველი – ხვალ, 17:00 საათზე იუსტიციის სამინისტროსთან იქნება პროტესტი, დედაქალაქში მცხოვრებ ჩვენს მოქალაქეებს მოგიწოდებთ, მობრძანდეთ და დააფიქსიროთ პროტესტი.
9 თებერვლიდან ხელვაჩაურში, სიღნაღში, მარნეულში, ზესტაფონში, ბორჯომში, ადგილობრივ მუნიციპალიტეტებთან 13:00 საათზე პარალელურ რეჟიმში გაიმართება სოლიდარობის აქციები. ცხადია, ადგილზე ვიქნებით პოლიტიკური ლიდერებიც და მოემზადონ ადგილობრივი კორუმპირებულები, იცოდნენ კარგად, რომ მათ მოსვენება არ ექნებათ.
10 თებერვალს ქობულეთში, მარტვილში, სამტრედიაში, საგარეჯოში, ხაშურში 13:00 საათზე გაიმართება საპროტესტო აქციები და ყველა ადგილობრივს მოგიწოდებთ მობრძანდეთ და დააფიქსიროთ თქვენი სოლიდარობა პრეზიდენტ სააკაშვილის მიმართ და გამოხატოთ თქვენი ბრაზი, რომ თქვენ არ გინდათ რუსეთში და გინდათ ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი.
შაბათს, 11 თებერვალს, 15:00 საათზე გელოდებით ბიძინა ივანიშვილის სახლთან შეკვეთილში. ბატონო ბიძინა, თქვენც, ირაკლი ღარიბაშვილიც, რატი ბრეგაძეც, სხვადასხვა მაღალი თანამდებობის პირები, ვინც ამაგრებენ რუს ოლიგარქიულ რეჟიმს, მოემზადეთ, ბრძოლა იქნება უკომპრომისო“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ოპოზიციურ პარტიებსაც მიმართა.
„ასევე, მოვუწოდებ ოპოზიციურ პარტიებს, სხვადასხვა ოპოზიციურ ტელევიზიებს, ჩვენ გვჭირდება ერთობა, ერთმანეთის კრიტიკაში, ერთმანეთის ლანძღვაში დრო არ უნდა დავკარგოთ, რადგან თითოეული წამი, ჩვენი თითოეული წუთი არის მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლისთვის.
მოგიწოდებთ ყველას, თითოეული თქვენგანის ვალია ჩვენი ევროპული მომავლისთვის ბრძოლა. 9, 10, 11 თებერვლის კონკრეტული გეგმა გაგაცანით. გელოდებით კონკრეტულ ქალაქებში, კონკრეტულ რაიონებში.
ეს აქციები იქნება ახლა და ყველამ იცოდეს, არ დასრულდება, ვიდრე პრეზიდენტ სააკაშვილი არ იქნება თავისუფალი და ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი არ იქნება უზრუნველყოფილი“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.