ლევან ხაბეიშვილი - ხელისუფლებას მოუწევს ჩვენზე გადავლა, რომ ნიკა მელიას ტყვედ აყვანა მოახერხოს, ფიზიკურად დავიცავთ მას
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, ნიკა მელიასთან დაკავშირებით ვერდიქტი იქნება პოლიტიკური და ამ შემთხვევაში მოსამართლის ვინაობას მნიშვნელობა არ აქვს.
ხაბეიშვილი ამბობს, რომ ნიკა მელიას დაკავების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს და მშვიდობიანი გზებით აპირებენ ბრძოლას.
„ველოდებით პოლიტიკურ ვერდიქტს, არ აქვს მნიშვნელობა კონკრეტული მოსამართლის სახელ და გვარს, ყველამ კარგად ვიცით, რომ სამართლებრივ სივრცეში არ განიხილება ეს კონკრეტული საკითხი და წმინდა წყლის პოლიტიკური გადაწყვეტილება აქვს მისაღები „ქართულ ოცნებას“. ჩვენ ვაპირებთ ბრძოლას რა თქმა უნდა მშვიდობიანი გზით, აქედან კიდევ ერთხელ გვინდა ვუთხრათ ხელისუფლებას, ნიკა მელიას დაკავებას ვერ მოახერხებენ, რადგან ადამიანის დაკავებას უნდა ჰქონდეს სამართლებრივი საფუძველი, სამართლებრივი საფუძველი კი არ არსებობს.
თუ დააპირებენ ნიკა მელიას ტყვედ ან მძევლად აყვანას, ამის შესაძლებლობას ჩვენ არ მივცემთ. ოთხ საათზე გვაქვს მოლოდინი, რომ „ქართული ოცნება“ მიიღებს პოლიტიკურ გადაწყვეტილებას. ნებისმიერ შემთხვევაში ამას ექნება პოლიტიკური და არა სამართლებრივი კონტექსტი“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა და დასძინა, რომ ნიკა მელიას გასამართლებას აპირებენ „კოლექტიური გავრილოვები“.
„ნებისმიერი გადაწყვეტილება იქნება პოლიტიკური და ნათელია საზოგადოებისთვის, კოლექტიური გავრილოვები აპირებენ ნიკა მელიას გასამართლებას იმის გამო, რაც თავად დააშავეს. თუ ვინმე მოქმედებდა სახელმწიფოს წინააღმდეგ, მოქმედებდა ხელისუფლება. მშვიდობიანი გზებით ვაპირებთ, მძევლად და ტყვედ არ გავატანოთ ნიკა მელია, მათ შორის ხელისუფლებას მოუწევს ჩვენზე გადავლა, რომ ნიკა მელიას ტყვედ აყვანა მოახერხოს. ფიზიკურად დავიცავთ ნიკა მელიას“, – აღნიშნა ლევან ხაბეიშვილმა.
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის შეჩერებას პარლამენტმა გუშინ მხარი დაუჭირა. საკითხს სხდომაზე 88 დეპუტატის თანხმობა ჰქონდა.
პარლამენტის ამ გადაწყვეტილების შემდეგ გენერალურმა პროკურატურამ ნიკა მელიას საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა. პროკურატურა ბრალდებულ ნიკანორ მელიას მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების უფრო მკაცრი ღონისძიებით – პატიმრობით შეცვლას ითხოვს.
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას საქმეზე პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს, 16:00 საათზე გაიმართება.