ლევან ხაბეიშვილი - ხარაზიშვილის, ლაგაზაურის და სხვების წინააღმდეგ მყისიერად დადგა შედეგი, მათი მომავალი უკავშირდება პატიმრობას და სხვა ძალოვნებისთვის ეს უნდა იყოს გაფრთხილება
ხარაზიშვილის, ლაგაზაურის და სხვების წინააღმდეგ მყისიერად დადგა შედეგი. მათ ესმით, რომ მათი მომავალი უკავშირდება პატიმრობას, – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ძალოვანი უწყების სხვა წარმომადგენლები უნდა გაფრთხილდნენ.
„ზვიად ხარაზიშვილი მონაწილეობდა ჩემ მიმართ ფიზიკურ ანგარიშსწორებაში. ეს პარლამენტში მეორე დღესვე დეტალურად მოვყევი, როგორ დემონსტრაციულად არ ჰქონდა ნიღაბი, ცდილობდა, შიშის გრძნობა დაეთესა და ა.შ. ვწუხვარ იმის გამო, რომ საქართველოს სახელმწიფოს ასეთი კრიმინალები წარმოადგენენ, თუმცა იმასაც ვხედავთ, რომ მყისიერად დადგა შედეგი ხარაზიშვილის, ლაგაზაურის და სხვების წინააღმდეგ. მათ ესმით, რომ მათი მომავალი უკავშირდება პატიმრობას. აშშ-ის მხრიდან სანქცია მაღალი თანამდებობის პირის წინააღმდეგ ისტორიას არ ახსოვს, არ არსებულა, არ ყოფილა. ჩვენ ვხედავთ, რომ ეს რეალობა დადგა. სხვა ადამიანები, ვგულისხმობ ძალოვნებს, უნდა გაფრთხილდნენ და 26 ოქტომბერი არის ის დღე, როდესაც ქართველი ხალხი გაიმარჯვებს. მათ უნდა ესმოდეთ, რომ ეს გამარჯვება უნდა იზეიმონ ქართველ ხალხთან ერთად და არ უნდა მოემზადონ ძალადობრივი მოქმედებებისთვის“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.
ცნობისთვის, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა და სახაზინო დეპარტამენტმა სანქციები და სავიზო შეზღუდვები დააწესეს. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელ საქართველოს 60-ზე მეტ მოქალაქესა და მათი ოჯახების წევრებს სავიზო შეზღუდვები დაუწესა. ხოლო სახაზინო დეპარტამენტმა სანქციები გამოაცხადა ზვიად ხარაზიშვილის, მილერი ლაგაზაურის, კონსტანტინე მორგოშიასა და ზურაბ მახარაძის მიმართ.