ლევან ხაბეიშვილი - ხან ჩემი კბილები არ მოსწონთ, ხან პალტო, სათვალე, ვარჯიში, თურმე ხაბეიშვილი ვიღაცის მართულია, ეს ხომ რუსული პროპაგანდაა, ვის სჯერა
ხან ჩემი კბილები არ მოსწონთ, ხან პალტო, სათვალე, ვარჯიში, თურმე ხაბეიშვილი ვიღაცის მართულია, ეს ხომ რუსული პროპაგანდაა, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, კონკრეტული ადამიანები პარტიიდან გადიან, მერე ილანძღებიან, როგორც რუსული პროპაგანდა საუბრობს, ისე საუბრობენ.
„ნიკა მელიას რვა თვის განმავლობაში კონკრეტული შეთავაზებები ჰქონდა. არვისთვის, არავის კარი არ დაუხურავს, მაგრამ კონკრეტული ადამიანები თვითონ იღებენ გადაწყვეტილებას, რვა თვის განმავლობაში, შენი საუბარი რომ ემსგავსება ირაკლი კობახიძის საუბარს, ერთი-ერთში ემთხვევი ყველა მესიჯს. მეტიც, იცით, რაზე ვნერვიულობ, როცა შევდივარ რუსულ პროპაგანდისტულ არხებზე და მთავარ სპიკერად არიან ეს კონკრეტული ადამიანები, მათი ქარდებია, მათი განცხადებები. მე ეს მანერვიულებს, რადგან ეს ადამიანები ჩემთან ერთად იბრძოდნენ, ჩემი თანაგუნდელები არიან. ვინმეს რამე თუ არ მოსწონს გზა ფართოა, მიბრძანდნენ და მიხედონ საქმეს, იბრძოლონ რუსი ოლიგარქის წინააღმდეგ, ტალახს აქეთ ნუ ისვრიან. არჩევნები ჩატარდა, გავიმარჯვე, „ნაციონალურ მოძრაობაში“ პარტიის თავმჯდომარეს რომ ლეგიტიმაცია აქვს, ეგეთი არ აქვს არცერთ პარტიის თავმჯდომარეს, არათუ საქართველოში, ბევრ ევროპულ ქვეყანაშიც. გნებავთ ვიბრძოლოთ ერთად, არ გნებავთ, გზა ხსნილია. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ყველა ადამიანი, ვინც გადაწყვეტს ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლას. არავისთვის კარი არ დაგვიხურავს. ეს არ არის ჩვენი თამაშის წესები. ზოგი ადამიანი რას ვერ ეგუება, იცით? პრივილეგირებულ სიტუაციაში იყვნენ, მუდმივად რაღაც ოთახის რაღაც კუთხეში წყვეტდნენ, ეს ვეღარ იქნება „ნაციონალურ მოძრაობაში“. ყველა რაიონული თავმჯდომარე დაინიშნა არჩევნებით. ვწუხვარ, როგორც კობახიძე, რუსული პროპაგანდა საუბრობს, ისე საუბრობენ კონკრეტული ადამიანები. ხან ხაბეიშვილის კბილები არ მოსწონთ, ხან რომ პალტო არ მოსწონთ, ხან სათვალე და ხან ჩემი ვარჯიში, ეს ხომ რუსული პროპაგანდაა, თურმე ხაბეიშვილი სადღაც ვიღაცის მარიონეტი მართულია, ეს ხომ რუსული პროპაგანდაა, ვის სჯერა? თან ამას ამბობენ ადამიანები, რომლებსაც ვერც კი ხედავენ საჯარო სივრცეში. როგორც რუსული პროპაგანდა აკეთებს, უნდათ, ახალა დაარწმუნონ, იმის მართული, ამის მართული. ყველა გამოაჩინოს თავისმა საქმემ. ჩემთვის არავის არასდროს არაფერი უჩუქებია, ხალხის მხარდაჭერა ჰქონოდათ და ყოფილიყვნენ. კონკრეტული ადამიანები პარტიიდან გადიან, მერე ილანძღებიან. ხატია დეკანოიძე საერთოდ სხვა ფენომენია, სასაცილოც აღარ არის, მან პარტია დატოვა, „ნაციონალურ მოძრაობაში“ ადამიანები დაფასდებიან საქმით, არ იქნებიან პრივილეგირებულ მდგომარეობაში, გამორიცხულია. დიახ, ჩვენთვის ბევრად მნიშვნელოვანია ოზურგეთის საკრებულოს წევრი ბახვიდან, თათია ნიკოლაშვილი, თელავის საკრებულოს მაჟორიტარი გიგი გიგიტელაშვილი, ვიდრე კონკრეტული ადამიანი, რომელიც პრივილეგიებს ითხოვს პარტიაში“, – განაცხადა ხაბეიშვილმა „ფორმულას“ ეთერში.