ლევან ხაბეიშვილი - „ხალხის ძალის“ კანონს პირველი მოსმენით ვინც დაუჭერს მხარს, მნიშვნელოვანია, ოჯახის წევრებთან ერთად დასანქცირდეს
„ხალხის ძალის“ კანონს პირველი მოსმენით ვინც დაუჭერს მხარს, მნიშვნელოვანია, ოჯახის წევრებთან ერთად დასანქცირდეს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.
ხაბეიშვილის თქმით, ყველაფერს გააკეთებენ, რათა კანონპროექტის მიღებას ხელი შეუშალონ.
„პუტინისტებს, საქართველოს მოღალატეებს გადაწყვეტილი აქვთ, ნებისმიერ ფასად გაიტანონ ეს კანონი. მიუხედავად ყველაფრისა, სავარაუდოდ, ამას იზამენ. ოპოზიცია, შესაძლებლობიდან გამომდინარე, ყველაფერს გააკეთებს. ჩვენ, ოპოზიციამ ვისაუბრეთ, რომ საერთო სია გავაკეთოთ – ვგულისხმობ რუსების, რაშისტების, პუტინისტების სიას. ამ კანონს პირველი მოსმენით მხარს ვინც დაუჭერს, მნიშვნელოვანია, ეს ადამიანები თავიანთი ოჯახის წევრებით სანქცირებული იყვნენ. მათ არ უნდა შეეძლოთ ევროკავშირის ქვეყნებში თავისუფლად გადაადგილება, დელეგაციებში მონაწილეობის მიღება. მათი ოჯახის წევრებს უნდა აეკრძალოთ ევროკავშირის ქვეყნებში გადაადგილება მარტივი მიზეზის გამო: ესენი არიან რუსები, პუტინისტები, ყველაფერს აკეთებენ, რომ პუტინის კანონი იყოს გასული.
მნიშვნელოვანია, ვიბრძოლოთ რუსული რეჟიმის დასანგრევად როგორც პარლამენტს შიგნით, ასევე პარლამენტს გარეთ. მეგობრებო, კარგად უნდა იცოდეთ, რომ ბრძოლისა და მოქმედების გარეშე არაფერი გამოვა, ახლა პარტიული დამოკიდებულებები არაფერ შუაში აღარ არის. ყველაზე დიდი პარტია ჩვენი საქართველო, ჩვენი შვილების მომავალია. ბოიკოტს კი არ ვწყვეტთ, პროტესტის ნიშნად მოვედით, ვართ და ვიქნებით, ვიდრე რუსული კანონის განხილვა იქნება.
ქართველმა ხალხმა უნდა იცოდეს, რომ გამარჯვება ერთი ხელის გაწვდენაზეა და მნიშვნელოვანია ერთობა. მეტიც, მათი შვილები დასავლეთში ცხოვრობენ, დასავლეთში იღებენ განათლებას. მაგალითად, კალაძე – ევროკავშირის ქვეყნებში აიღეს მისმა შვილებმა მოქალაქეობა, მილანში თმებს იჭრის, კომოზე ისვენებს. მათი წილი ევროპა აქვთ და აღარ უნდა ჰქონდეთ. მნიშვნელოვანია, მათი სანქცირება მოხდეს. მათ ევროკავშირი უნდათ საკუთარი ოჯახის წევრებისთვის და ჩვენთვის რუსეთის გუბერნიაში, გაჭირვებაში, უბედურებაში ყოფნა ემეტებათ. მიიჩნევენ, რომ ჩვენს შვილებს არც განათლება უნდა ჰქონდეთ, არც ევროპაში აღარ უნდა ვიყოთ, ჩვენი ხალხი გაჭირვებაში უნდა ცხოვრობდეს, ხოლო თავად იყვნენ სიმდიდრეში. როცა ამბობენ, ეგეთი ევროპა არ გვინდაო, ეს ანტიკონსტიტუციური განცხადებაა, რადგან კონსტიტუციაში წერია ჩვენი ევროპული არჩევანის შესახებ. ადამიანი როცა არტიკულირებს, რომ ეგეთი ევროპა არ უნდა, ანტიკონსტიტუციურ განცხადებას აკეთებს და ანტისახელმწიფოებრივ დანაშაულებრივ ქმედებას სჩადის. ყველა ხელის მომწერი იქნება არათუ სისხლის სამართლის დამნაშავე, ვინც ქვეყანას ღალატობს, არამედ ისტორიაში ჩაიწერებიან და მათ შვილებს, ოჯახის წვერებს მომავალში ამ დამღით ცხოვრება მოუწევთ“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.