ლევან ხაბეიშვილი - კარგია, რომ გიორგი ჩალაძემ კანდიდატურა დააყენა, კიდევ ბევრმა უნდა დააყენოს, უნდა იყოს დიდი, ჯანსაღი კონკურენცია
ლევან ხაბეიშვილი - კარგია, რომ გიორგი ჩალაძემ კანდიდატურა დააყენა, კიდევ ბევრმა უნდა დააყენოს, უნდა იყოს დიდი, ჯანსაღი კონკურენცია

გიორგი ჩალაძე ჩემი მეგობარია და ძალიანაც კარგია თუ კანდიდატურა დააყენა, კიდევ ბევრმა უნდა დააყენოს, უნდა იყოს დიდი, ჯანსაღი კონკურენცია, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

როგორც ლევან ხაბეიშვილმა აღნიშნა, პარტიისთვის არჩევნები პრობლემა ვერ იქნება, ეს არის გაძლიერების შესაძლებლობა.

„დარწმუნებული ვარ, „ნაციონალური მოძრაობა“ ამ პროცესიდან გამარჯვებული გამოვა, იქნება ძალიან ბევრი კანდიდატებიც. ერთად გავაგრძელებთ ბრძოლას რუსული ოლიგარქიის წინააღმდეგ. თუმცა, ცხადია პარტიას სჭირდება გაძლიერებაც, განახლებაც და სუსტი „ნაციონალური მოძრაობა“ ვერ უზრუნველყოფს რუსი ოლიგარქის პოლიტიკურ მოუსავლეთში გაშვებას. „ნაციონალური მოძრაობა“ ძლიერი უნდა იყოს, ქართველი ხალხის ხელში იყოს ინსტრუმენტი, რომ დავამარცხოთ ბიძინა ივანიშვილის ოლიგარქიული მმართველობა.

მივესალმები ყველა კანდიდატს, ვინც ფიქრობს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ გაძლიერება შეუძლია. გიორგი ჩალაძე ჩემი მეგობარია და ძალიანაც კარგია თუ კანდიდატურა დააყენა. კიდევ ბევრმა უნდა დააყენოს, უნდა იყოს დიდი, ჯანსაღი კონკურენცია. რაც შეეხება სხვა კანდიდატურის დაყენებას, დაველოდოთ მოვლენების განვითარებას, ცხადია, გუნდის შიგნით იქნება კონსულტაციები, ზოგადად გუნდური გადაწყვეტილების მომხრე ვარ. პარტიაში კონსულტაციების შემდეგ გამოიკვეთება ის ადამიანი, ვისაც ჩვენ მხარს დავუჭერთ, ის ჯგუფი, რომელიც ცვლილებებს მხარს უჭერს“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.

მისივე თქმით, პარტიის თავმჯდომარის არჩევნებში თავად არ აპიებს კენჭისყრას.

„ჩემს თავს არ განვიხილავ კანდიდატურად, თუმცა დაველოდები გუნდს, გუნდის გადაწყვეტილებას, კონსულტაციებს. ერთია მე რა მინდა, მეორეა, რა სჭირდება გუნდს, პარტიას. რაც დასჭირდება პარტიის გაძლიერებას, ვფიქრობ, ხაბეიშვილიც, დეკანოიძეც, ცისკარიშვილიც, კირკიტაძეც, ბოტკოველიც იმას გააკეთებენ“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.