ლევან ხაბეიშვილი - კარგად უნდა იცოდეთ, რომ ვინც „ნაციონალურ მოძრაობას“ ლანძღავს, ის „ნაციონალური მოძრაობის“ სიით ვერსად იქნება წარმოდგენილი
ყველამ კარგად უნდა გაიგოს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არ აპირებს, მისი სიით ადამიანები შევიდნენ საკრებულოში ან პარლამენტში და შემდეგ „ნაციონალური მოძრაობა“ ლანძღონ, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმა, პარტიული სიიდან რადენიმე პირის ამოღების საკითხთან დაკავშირებით განაცხადა.
ხაბეიშვილის თქმით, ამომრჩევლის მიერ მინიჭებულ მანდატს ყველა პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდოს.
„ყველამ კარგად უნდა იცოდეს, ეს ადამიანი საკრებულოს წევრი არ ყოფილა, მომლოდინეთა სიაში იყო. როცა პარტიას ლანძღავ, ცხადია, ასე მოხდება. ყველამ კარგად უნდა გაიგოს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არ აპირებს, მისი სიით ადამიანები შევიდნენ საკრებულოში ან პარლამენტში და შემდეგ „ნაციონალური მოძრაობა“ ლანძღონ. მე, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, პასუხისმგებლობით ვეკიდები ჩვენი ამომრჩევლის ნებას. „ნაციონალური მოძრაოობის“ ლანძღვა და შემდეგ მისი სიით სადმე შესვლა აღარ იქნება ამ პარტიაში, ვერ იქნება და კარგად უნდა იცოდეთ, რომ ვინც „ნაციონალურ მოძრაობას“ ლანძღავს, ის „ნაციონალური მოძრაობის“ სიით ვერ იქნება ვერსად წარმოდგენილი. საზოგადოება კარგად ხედავს, უნახავს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები გამოუყენებიათ და შემდეგ „ნაციონალური მოძრაობა“ ულანძღიათ. მე, ამ პარტიის თავმდჯომარე, ვერ დავუშვებ, რომ ჩვენი სიით ადამიანები შედიოდნენ სხვადასხვა არჩევით ორგანოში, სადაც შემდეგ პარტიას გალანძღავენ. დამთავრდა ეს პერიოდები, აღარ დაბრუნდება აღარასდროს. პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდოს ყველა იმ მანდატს, რომელსაც კონკრეტული პარტიის ამომრჩეველი აძლევს. ბიძინას წინააღმდეგ მზად ვარ ყველასთან სათანამშრომლოდ, თუ ფიქრობენ, რომ პარტიის წევრები და მხარდამჭერები არიან, ნებისმიერ წინადადებას მივიღებთ, 30 აპრილამდე დროა“, – აღნიშნა ლევან ხაბეიშვილმა.
„ნაციონალური მოძრაობის“ აჭარის ორგანიზაციაში ნიკა მელიას მხარდამჭერებმა განაცხადეს, რომ ბათუმის საკრებულოდან გასული „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატის, ლაშა კილაბერიას ჩანაცვლება უნდა მოხდეს პარტიული სიის მომდევნო ნომრით, თუმცა ხაბეიშვილმა სია თვითნებურად შეცვალა და ოთხი პირი – ლევან გორგილაძე, ელიზა ეფაძე, როინ დვალი და შორენა აბაშიძე პარტიული სიიდან ამოიღო.