ლევან ხაბეიშვილი - ჩვენთან უნდა ისაუბროს ყველამ, მოვიდნენ და თუ უნდათ, მივეხმარებით, რომ 5-7 პროცენტი მიიღონ, რათა ხვალ, ზეგ იყოს კოალიციური მთავრობა
სააკაშვილის გარეშე „ნაციონალური მოძრაობა“ როგორ უნდა გავიდეს არჩევნებზე? ვისაც ეგეთი წარმოდგენა, დამოკიდებულება ჰქონდა პარტიაში, რომ მიშა სადმე არ უნდა იყოს, შესაბამისი ისტერიული შემოტევები აქვს დღეს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „პოლიტ-ქალაქში“ განაცხადა, რითიც უპასუხა კითხვას: „საარჩევნოდ „ნაციონალური მოძრაობა“ კვლავ სააკაშვილით გავა არჩევნებზე თუ მის გარეშე?“
ამასთან, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, რომ „სააკაშვილს შეუძლია, იყოს მთავარი ლობისტი ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პროცესში, როცა უკრაინა მოუგებს ომს რუსეთს და თავის ტერიტორიებს დაიბრუნებს“.
გარდა ამისა, ხაბეიშვილის თქმით, არებობს ერთი „ნაციონალური მოძრაობა“, პრეზიდენტ სააკაშვილის გუნდი და პარტია შეკრულია.
„თუ ვინმე ვერ შეეგუა მარცხს, ამომრჩევლის გადაწყვეტილებას, უკაცრავად, მაგრამ წინა თავმჯდომარის წინააღმდეგ 30 ათასმა ადამიანმა მისცა ხმა. მგონია, რომ ამ მდგომარეობას უნდა შეეგუონ და კონკრეტულ საქმეში მოგვეხმარონ. რაც შეეხება გაკეთებას, სამი თვეა, რაც პარტიის არჩეული თავმჯდომარე ვარ. მაგალითად, ვამაყობ იმით, რომ 50 ლოჯისტიკური ცენტრი გაიხსნა რეგიონებში ამ ხნის განმავლობაში, აბსოლუტურად მოშლილი და მორღვეული იყო. 63 მუნიციპალიტეტში ჩავატარეთ არჩევნები. რეგიონებში თავმჯდომარის არჩევნებში 35 ათასამდე მომხრემ მიიღო მონაწილეობა. პარტია ძლიერდება, ჯანსაღდება. სააკაშვილის თემა გახდა პრიორიტეტი. მელიას კი არ ვეჯიბრები, მე მინდა რუსული პარტიის წასვლა ხელისუფლებიდან, ბიძინა ივანიშვილი არ უნდა იყოს ხელისუფლებაში“, – აღნიშნა ხაბეიშვილმა.
ამავდროულად, ლევან ხაბეიშვილი ამბობს, რომ ივანიშვილის დამარცხების მთავარი გასაღები „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს.
„„ნაციონალური მოძრაობა“ არის იდეა, ვერ დამთავრდება. ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ დამარცხების მთავარი გასაღები „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს. ეს გასაღები აქვს „ნაციონალურ მოძრაობას“, ჩვენთან უნდა ისაუბროს ყველამ. არა ენის მოჩლექით უნდა ველაპარაკოთ ვინმეს, მოვიდნენ და თუ უნდათ, მივეხმარებით ამ გასაღების გადამრავლებაში, რომ 5-7 პროცენტი მიიღონ, რათა ხვალ, ზეგ იყოს კოალიციური მთავრობა“, – აღნიშნა ლევან ხაბეიშვილმა.