ლევან ხაბეიშვილი - IRI-ის კვლევა აჩვენებს, რომ რუსული ოცნება აღარ არსებობს, როგორც პოლიტიკური ძალა, „ნაციონალური მოძრაობა“ არათუ დაიშალა, არამედ მისი რეიტინგი მზარდია
ლევან ხაბეიშვილი - IRI-ის კვლევა აჩვენებს, რომ რუსული ოცნება აღარ არსებობს, როგორც პოლიტიკური ძალა, „ნაციონალური მოძრაობა“ არათუ დაიშალა, არამედ მისი რეიტინგი მზარდია

IRI-ის კვლევა აჩვენებს, რომ რუსული ოცნება აღარ არსებობს, როგორც პოლიტიკური ძალა, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

ხაბეიშვილის თქმით, კვლევის მიხედვით, „ნაციონალური მოძრაობა“ არათუ დაიშალა და პრობლემები აქვს, არამედ მისი რეიტინგი არის მზარდი, მყარი და ვინმე თუ იშლება, ეს რუსული ოცნებაა.

„ძალიან მნიშვნელოვანია IRI-ის ეს კვლევა, რომელმაც აჩვენა, რომ ნოემბრის შემდეგ „ნაციონალური მოძრაობა“ ორნახევარჯერ არის გაზრდილი. ვგულისხმობ 6-პროცენტიან მხარდაჭერას. დღეს „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს 14 პროცენტი, „ქართულ ოცნებას“ ჰქონდა 25 და ახლა აქვს 19 პროცენტი. ასევე ვნახეთ სხვა პარტიების რეიტინგები, რაც მნიშვნელოვანია. ჩვენ ვითანამშრომლებთ ყველა პროდასავლურ პარტიასთან. ეს კვლევა აჩვენებს, რომ რუსული ოცნება აღარ არსებობს, როგორც პოლიტიკური ძალა, რომ არა, პირობითად, სახელისუფლებო რესურსები. 81 პროცენტი ფაქტობროვად ამბობს, რომ არ ირჩევს „ქართულ ოცნებას“, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე მნიშვნელოვანია ჩემთვის, როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარისთვის, პარტიის კიდევ უფრო გაძლიერება, მიუხედავად იმისა, რომ რუსული პროპაგანდა, სამთავრობო მედია, „ქართული ოცნება“ ამ ხნის განმავლობაში ისტერიულად მიუთითებდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ დაშლაზე, პრობლემებზე. ეს კვლევა მარტის კვლევაა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არათუ დაიშალა და პრობლემები აქვს, არამედ მისი რეიტინგი არის მზარდი, მყარი და ვინმე თუ იშლება და პრობლემა აქვს, ეს რუსული ოცნებაა.

სრულიად ოპოზიციას, საზოგადოებას, ოპოზიციურად განწყობილ პროდასავლურ მედიებს, მინდა, მივმართო, რომ ჩვენ ახლა ერთმანეთს ხელი უნდა ჩავკიდოთ და ყველამ ერთად უნდა უზრუნველვყოთ რუსული ოცნების გასტუმრება პოლიტიკური ველიდან. ეს არის თითოეული მოქალაქის მოთხოვნა და ამას აჩვენებს კვლევები. მათ შორის, გამოკითხულთა 62 პროცენტი აცხადებს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება, 84 პროცენტი ამბობს, რომ ევროპული იტეგრაცია მისთვის მნიშვნელოვანია. შესაბამისად, ყველამ უნდა ჩავკიდოთ ერთმანეთს ხელი და ვესროლოთ არა ტალახი, ვიყოთ არა მუდმივად კონფრონტაცაში, არამედ, პირიქით, ერთად დავასრულოთ რუსული ოცნება. „ნაციონალური მოძრაობა“ ამისთვის მზად ვართ, ვართ გახსნილები და ამას ნახავს საზოგადოება. ვითანამშრომლებთ სხვა ოპოზიციურ პარტიებთან და კარგია, რომ მათ აქვთ შედეგები და ეს მხოლოდ მისასალმებელია. მხოლოდ ერთადერთ რამეს გამოვრიცხავ, რომ რუსული ოცნების წინააღმდეგ რამეს არ გავაკეთებთ“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა (IRI) კვლევის შედეგები გამოაქვეყნა. კვლევის მიხედვით, მომდევნო შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, გამოკითხულთა 19 პროცენტი „ქართულ ოცნებას“ მისცემდა ხმას, 14 პროცენტი კი – „ნაციონალურ მოძრაობას“. პარტია „საქართველოსთვის – გიორგი გახარიას“ ხმას მისცემდა სამი პროცენტი, „გირჩი – მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – სამი პროცენტი, „ლეიბორისტული პარტია“, შალვა ნათელაშვილი, „ლელო“, „გირჩი“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, „ხალხისთვის- ანა დოლიძე“, „მოქალაქეები – ალეკო ელისაშვილი“ ხმას მიცემდა ორ-ორი პროცენტი. „კონსერვატიული მოძრაობა, ალტ-ინფო“, „დროა“, ელენე ხოშტარია, „ევროპული საქართველო, გიგა ბოკერია“ – ერთი პროცენტი. „პატრიოტთა ალიანსს“, „ხალხის ძალას“ და სხვას ერთ პროცენტზე ნაკლები დაუჭერდა მხარს. გამოკითხულთა ხუთი პროცენტი კი აცხადებს, რომ არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებდა, კითხვაზე პასუხი არ იცის 20 პროცენტმა, პასუხზე უარი განაცხადა გამოკითხულთა შვიდმა პროცენტმა.

IRI-ის ინფორმაციით, კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა IPM-ის მიერ. მონაცემები შეგროვდა პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1500 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, სქესის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5%-ს, გამოპასუხების მაჩვენებელი – 63%-ს. კვლევის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მეშვეობით.