ლევან ხაბეიშვილი - იმის ნაცვლად, რომ სააკაშვილის ტვინს, განათლებასა და ენერგიას ქვეყნის საკეთილდღეოდ ვიყენებდეთ, ტყვედ ჰყავთ
ასე სუსტად მიხეილი სააკაშვილი არასდროს მინახავს, ნაცვლად იმისა, რომ ამ ადამიანის ტვინს, განათლებას, ენერგიას ვიყენებდით ქვეყნის კეთილდღეობისთვის, ტყვედ ჰყავთ, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ლევან ხაბეიშვილმა გორის ჰოსპიტალთან ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრაზე მთავარი საკითხი პროდუქტებზე გაძვირებული ფასები იყო. ხაბეიშვილის განცხადებით, სააკაშვილი წუხს, რომ პროდუქტებზე, მედიკამენტებზე ფასები იზრდება და ის ვერაფერს აკეთებს.
„ასე სუსტად მიხეილი სააკაშვილი არასდროს მინახავს. ეს დიდი ალბათობით წამების შედეგია, რაც გლდანის ციხეში განაცდევინა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ, რუსეთის სპეცსამსახურების დავალებით. ნაცვლად იმისა, რომ ამ ადამიანის ტვინს, განათლებას, ენერგიას ვიყენებდით ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობისთვის, ტყვედ ჰყავთ. თვეზე მეტია, არ მენახა და ჩვენი საუბრის მთავარი ინტერესი იყო გაძვირებული ფასები. ახალი წელი მოდის და წუხს, რომ ადამიანებს ელემენტარული პირობები არ აქვთ, ახალ წელს შეხვდნენ. წუხს, რომ კატასტროფულად იზრდება ფასები პირველად პროდუქტებზე, მედიკამენტებზე და ამასობაში ის ვერ აკეთებს ვერაფერს, რადგან თავად არის ტყვედ და წამების ქვეშ. ვისაუბრეთ გეგმებზე“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.
ამასთან, მისი თქმით, ვიდრე სააკაშვილი პოლიტიკურ ტყვეობაში იქნება, ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი ვერ დასრულდება.
კიდევ ერთხელ შემიძლია გავუმეორო „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას, რომ გელოდებათ ძალიან ცხელი ზამთარი. ვიდრე სააკაშვილი გეყოლებათ პოლიტიკურ ტყვეობაში, პოლიტიკური კრიზისი ვერ დასრულდება. თუ ვინმე ახლა ამ ხალხის კეთილდღეობაზე ფიქრობს, ეს არის მიხეილ სააკაშვილი, რომელიც გამოდის ეროვნული შერიგების იდეით. დიახ, თქვენ ემსახურებით რუსეთს, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას მივმართავ. თუ არ გინდათ ქართველი ხალხის დაყოფა პარტიული ნიშნით, ამ შერიგებას ალტერნატივა არ აქვს. თუ ამაზე არ მოდიხართ და ზამბარას ძალიან ებღაუჭებით და წელავთ, დიახ, მოგხვდებათ დინგში ბატონო ივანიშვილო და „ქართული ოცნების“ კრიმინალურო ბანდავ“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.