ლევან ხაბეიშვილი - იგეგმება სხვა ქვეყნიდან 300-500 კუნთმაგარი პირის ჩამოყვანა, რომლებიც არჩევნებზე თავ-პირს დაამტვრევენ ოპოზიციის მხარდამჭერებს
სხვა ქვეყნიდან 300-500 კუნთმაგარი პირის ჩამოყვანა იგეგმება, რომლებიც არჩევნებზე თავ-პირს დაამტვრევენ ოპოზიციის მხარდამჭერებს, ჰკითხეთ კალაძეს და კობახიძეს, ნურმაგომედოვთან შეხვედრა ხომ არ უკავშირდებოდა ზონდერების ჩამოყვანას? – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.
ხაბეიშვილის თქმით, მმართველი პარტია 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის ჩეჩნეთის ლიდერთან, რამზან კადიროვთან დაახლოებული 300-500 პირის ჩამოყვანას გეგმავს.
ხაბეიშვილის განცხადებით, აღნიშნული პირები საარჩევნო უბნებთან ფიზიკური დაპირისპირებისთვის იქნებიან მობილიზებული. მისივე თქმით, შესაძლოა, სწორედ ეს საკითხი განიხილეს UFC-ის ჩემპიონთან, ხაბიბ ნურმაგომედოვთან გერმანიაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე და თბილისის მერი კახა კალაძე შეხვდნენ.
„ჩემი ინფორმაციით, სხვა ქვეყნიდან კუნთმაგარი ადამიანების, 300-500 პირის მობილიზება მოხდება, რომლებიც შემდგომ თავ-პირს დაამტვრევენ საარჩევნო უბნებთან ოპოზიციურად განწყობილ ადამიანებს. ჰკითხეთ კალაძეს და კობახიძეს, მათი ეს შეხვედრა ხომ არ უკავშირდებოდა ქვეყანაში ზონდერების ჩამოყვანას? გვითხრან, რა საკითხზე ისაუბრეს, გეოპოლიტიკაზე რომ არ ისაუბრებდნენ, ვიცით. თუ ანაკლიის პორტი ჩინელებს რომ მისცეს, ეს განიხილეს, თუ საქართველო, როგორც ცენტრალური დერეფანი?“ – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.