ლევან ხაბეიშვილი - გულწრფელად უნდა ვთქვა, ამ ხალხს, საკუთარი ქვეყნის გარდა, ყველა პარტია ფეხებზე ჰკიდია
მნიშვნელოვანია, მათ შორის, ხვალ, როდესაც უნდათ სესიის ჩატარება, პროტესტი გაგრძელდეს, ერთადერთი გამოსავალი არის სახალხო პროტესტი და ჩვენი ქვეყნის ინტერესების დაცვა, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, ეს არ არის პოლიტიკოსების ბრძოლა, ეს ადამიანები იბრძვიან ქვეყნისთვის, კონსტიტუციისთვის და კანონისთვის.
„საქართველოს კონსტიტუცია გუშინ რუსულმა ოცნებამ საქართველოს პარლამენტში ოფიციალურად დახია. კონსტიტუციაში რომ გვიწერია „ევროპული მომავლის შესახებ“ და განსაზღვრულია კონსტიტუციით, რუსულმა ოცნებამ დაიკიდა ფეხებზე და საქართველოს მოქალაქეებს უთხრა, რომ ჩვენ გვინდა რუსული, პუტინისტური კანონი. უთხრა, რომ მივიღებთ ისეთ კანონს, რომელიც ევროკავშირის გზაზე, ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ჩვენს გაერთიანებას არათუ საფრთხეს შეუქმნის, არამედ წარმოუდგენელი იქნება ამ დოკუმენტთან ერთად ჩვენი ევროპული პერსპექტივა. ამიტომ ყველამ კარგად უნდა გაიგოს, ვინმემ თუ რამე კანონი დაარღვია, მათ შორის კონსტიტუცია, არის რუსული ოცნება, ირაკლი კობახიძე, მამუკა მდინარაძე, 78 გავრილოვი, რომელიც დღეს პარლამენტში ზის „ქართული ოცნების“ სახელით. მნიშვნელოვანია, მათ შორის, ხვალ, როცა უნდათ სესიის ჩატარება, პროტესტი გაგრძელდეს. ერთადერთი გამოსავალი არის სახალხო პროტესტი და ჩვენი ქვეყნის ინტერესების დაცვა. ბოდიში, გულწრფელად უნდა ვთქვა, ამ ხალხს ყველა პარტია ჰკიდია ფეხებზე, საკუთარი ქვეყნისა და სამშობლოს გარდა და უნდათ ევროპული მომავალი. ნებისმიერი პოლიტიკოსის გარეშე გააკეთებენ იმას, რასაც აკეთებენ. იცავენ საკუთარ ევროპულ მომავალს და არ უნდათ რუსეთში. პოლიტიკოსები ამ ადამიანების ხელში, უბრალოდ, ინსტრუმენტები ვართ, ამ ადამიანების გადაწყვეტილება უნდა აღვასრულოთ. ეს არის ჩვენი ვალი.
იმ ადამიანების რაოდენობა, განსაკუთრებით, ახალგაზრდების, რომლებიც დღეს იყვნენ შეკრებილი, უნდა ყოფილიყო იმის განმსაზღვრელი, რომ ეს კანონი უკან წაიღონ. ეს კანონი არ უნდა მიიღონ, რადგან ჩვენი ქვეყნის ევროპულ გზაზე არის სახიფათო და იმის დამაზუსტებელი, რომ ასე არ მიგვიღებენ. ეს არის პროტესტის შინაარსიც, ოღონდ პოლიტიკოსების გარეშეც“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.
ამასთან, ჟურნალისტებმა ლევან ხაბეიშვილს „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებასთან დაკავშირებითაც ჰკითხეს. „ვაშაძის მოწოდება, აქციის მონაწილეებმა პარლამენტს ალყა შემოარტყან, ეს იყო ოპოზიციის გეგმა? და ეს ნორმალურია?“ რაზეც ხაბეიშვილმა აღნიშნა, რომ „ეს ნორმალურია“.
„მშვიდობიანად, კონსტიტუციის ფარგლებში. საუბარია იმაზე, რომ ადამიანებს აქვთ უფლება, ჯაჭვი შემოარტყან პარლამენტს, რომელიც რუსეთის დუმად აქცია რუსულმა ოცნებამ, ეს არ არის პარტიული საქმე. ეგ კარგად უნდა გაიგოთ ყველა პროდასავლური ტელევიზიის თანამშრომლებმაც. ეს არ არის პოლიტიკოსების ბრძოლა, ეს არის ჩვენი სამშობლოსთვის. ეს ადამიანები იბრძვიან ქვეყნისთვის, კონსტიტუციისთვის, კანონისთვის“, – აღნიშნა ხაბეიშვილმა.
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის თქმით, პროტესტი მშვიდობიანი იყო.
„ვინმე თუ ახალისებს ძალადობას და აწყობს პროვოკაციებს, ეს არის რუსული ოცნება. ბრძოლა გაგრძელდება ხვალაც და იქამდე, ვიდრე გამარჯვებას არ მოიპოვებს მისი აღმატებულება ქართველი ხალხი. სრული პასუხისმგებლობა, რომ კონსტიტუცია დაღეჭეს, არის რუსულ ოცნებაზე. ყველაფერზე პასუხისმგებელი არის რუსული ოცნება“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.