ლევან ხაბეიშვილი - გიორგი ვაშაძე არის ფანტასტიკური ორგანიზატორი, ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, „გამარჯვების პლატფორმის“ საარჩევნო კამპანიას მან უხელმძღვანელოს
„გამარჯვების პლატფორმის“ საარჩევნო კამპანიას გიორგი ვაშაძე უხელმძღვანელებს. აღნიშნულის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.
„2018 წლის გამოცდილებამ აჩვენა, რომ გიორგი ვაშაძე არის ფანტასტიური ორგანიზატორი და შეუძლია კამპანიების მართვა. ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება და ჩვენი კოალიციის კამპანიას ეყოლება ხელმძღვანელი გიორგი ვაშაძის სახით“, – აღნიშნა ხაბეიშვილმა.
„ნაციონალურმა მოძრაობამ“ „სტრატეგია აღმაშენებელთან“ ერთად მიიღო გადაწყვეტილება, რომ ამ კოალიციას სჭირდება შტაბური, კამპანიური მუშაობა. 2018 წელს ოპოზიციას გვაქვს საუკეთესო გამოცდილება, პირველ ტურში მოვიპოვეთ გამარჯვება და 2024-ში ვადიან ან ვადამდელი არჩევნების პირობებში, ჩვენ გვექნება მხოლოდ ერთი ტური და არანაირი ორი ტური აღარ იარსებებს. 2018 წელს პოზიტიური გამარჯვების გამოცდილება აქვს „სტრატეგია აღმაშენებლის“ ხელმძღვანელს, გიორგი ვაშაძეს. 2018 წლის გამოცდილებამ აჩვენა, რომ გიორგი ვაშაძე არის ფანტასტიკური ორგანიზატორი და შეუძლია კამპანიების მართვა. ამიტომ მიღებულია გადაწყვეტილება, რომ დღეიდან კოალიციურ საქმიანობაში, შტაბური მიმართულებით, ამ კამპანიებს, ამ შტაბს უხელმძღვანელებს გიორგი ვაშაძე“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.
მისივე თქმით, იწყება მუშაობა მძლავრი კოალიციის ფორმირებაზე.
„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით კი, პლატფორმა დაიწყებს ინტენსიურ შეხვედრებს, რომ კოალიციის შემადგენლობა კიდევ უფრო გაფართოვდეს. ვაშაძე იმედოვნებს, რომ მათ ერთობას სხვა ოპოზიციონერებიც შეუერთდებიან.