ლევან ხაბეიშვილი - გაძლევთ პირობას, სააკაშვილთან ერთად ავაშენებთ უდიდეს აეროპორტს სოხუმში, ბევრი საქმე გვაქვს, დაწყებული ლაზიკის მშენებლობიდან, რომელიც უპირობოდ უნდა შევუსრულოთ ხალხს
მე გავაკეთე განცხადება ანაკლიაში სოხუმის აეროპორტთან დაკავშირებით, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი იქნება მთავარი არქიტექტორი სოხუმში უდიდესი აეროპორტის. დღეს ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი გამოგვეხმაურა და, ცხადია, დაადასტურა, რომ სოხუმის აეროპორტი, სოხუმის საჰაერო სივრცე არის საქართველო, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.
ხაბეიშვილის თქმით, საქართველოს მოქალაქეებს აძლევს პირობას, რომ სააკაშვილთან ერთად სოხუმში უდიდეს აეროპორტს ააშენებენ.
„სოხუმი საქართველოა. იმისთვის, რომ საქართველო ერთიანი, ძლიერი, ევროპული იყოს, რუსეთის გუბერნია რომ არ გავხდეთ, მნიშვნელოვანია პრეზიდენტ სააკაშვილის თავისუფლება. დღეს კანცელარიასთან არის მთავარი გზავნილი რუსული ხელისუფლების მიმართ, რომ პრეზიდენტ სააკაშვილის თავისუფლებას ითხოვს სრულიად ცივილიზებული სამყარო. მსოფლიოში არ მოიძებნება პოლიტიკური ლიდერი, ქვეყნის პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, რომელიც პოლიტიკურად არ მიიჩნევს პრეზიდენტ სააკაშვილის საქმეს.
ძალიან ბევრი საქმე გვაქვს გასაკეთებელი, დაწყებული ლაზიკის მშენებლობიდან, რომელიც უპირობოდ უნდა შევუსრულოთ ჩვენს ხალხს, რადგან იქ საუბარია 30 მილიარდი ლარის ინვესტიციაზე და ეკონომიკაზე, ათიათასობით სამუშაო ადგილზე. გავიმეორებ, სახელმწიფო დეპარტამენტი გამოგვეხმაურა, რომ სოხუმის საჰაერო სივრცე არის საქართველოს საჰაერო სივრცე. მე და ჩვენ საქართველოს მოქალაქეებს გაძლევთ პირობას, პრეზიდენტ სააკაშვილთან ერთად ავაშენებთ უდიდეს აეროპორტს სოხუმში“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.