ლევან ხაბეიშვილი - ევროპელი პარტნიორების მხრიდან მოვისმინეთ ღია გზავნილი, რომ ევროპული ოჯახის კარი ღიაა, თუმცა სააკაშვილი როცა პოლიტიკურ ტყვეობაშია, ევროპაში არავინ გველოდება
ლევან ხაბეიშვილი - ევროპელი პარტნიორების მხრიდან მოვისმინეთ ღია გზავნილი, რომ ევროპული ოჯახის კარი ღიაა, თუმცა სააკაშვილი როცა პოლიტიკურ ტყვეობაშია, ევროპაში არავინ გველოდება

ჩვენ ვიხილეთ ევროპელი ადამიანი, რომელიც აბსოლუტურად გულწრფელად გულშემატკივრობს საქართველოს, ქართველ ხალხს. მეორე მხრივ, ვნახეთ პუტინის წარმომადგენელი ღარიბაშვილი, რომელიც რუსულ მესიჯებს ახმოვანებდა, ფაქტობრივად, ბორელთან დაპირისპირების რეჟიმში, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

ხაბეიშვილის თქმით, „რაც შეიძლება, სწრაფად უნდა უზრუნველყონ რუსული ხელისუფლების ჩამოშორება, რათა საქართველომ გააგრძელოს ევროპისკენ სვლა“

„ევროპელი პარტნიორების მხრიდან მოვისმინეთ ღია გზავნილი, რომ ევროპული ოჯახის კარი ღიაა, თუმცა სააკაშვილი როცა პოლიტიკურ ტყვეობაშია, ევროპაში არავინ გველოდება; იმ პირობებში, როცა მურუსიძის სასამართლოა, ევროპაში არავინ გველოდება. ბორელი ამბობდა, რომ რუსული ფრენები ძალიან ცუდია ჩვენთვის. ღარიბაშვილი ამბობდა, ეს ყველაფერი ფანტასტიკურია, ჩვენ წინ მივდივართო.

ბორელის განცხადებების შინაარსი იყო, რომ ცუდია, როცა საქართველო ევროკავშირში შესვლისთვის იღვწის და, პარალელურად, რუსულ კანონს იღებს. ღარიბაშვილი ამბობს, რომ ჩვენ ნამდვილი დემოკრატები ვართო. ბორელი ამბობდა, ადამიანის უფლებები უნდა იყოს დაცული; ღარიბაშვილი ამბობს, რა ვქნათ, ოპოზიციის ბრალიაო. თურმე ჩვენი ბრალია, როცა საპენსიო რეფორმაზე ველაპარაკებით ხალხს კასპში, საგარეჯოში და პაპუასებს  მოგვიგზავნის „რუსული ოცნება“, ქვებით მოგვსდევენ, თურმე ეს ევროპული სტანდარტია; ბუკლეტს თუ დავარიგებთ ჩოხატაურში, სადაც არ გვინდა, რომ ნოდარ დუმბაძის სკვერი გაიყიდოს, თურმე თავს უნდა დაგვესხან ჩიგოგიძის ზონდერბრიგადები, რომლებსაც შემდეგ რამდენიმე ათას ლარად თავისუფლებას აჩუქებენ. ბორელი ამბობს, რომ თავისუფალი გარემო უნდა იყოს, პოლიტიკური დევნილები არ უნდა იყვნენ, პოლიტიკური ნიშნით ადამიანები ტყვეობაში არ უნდა გვყავდეს, მათ შორის, მთავარი ოპონენტი, რომლისაც რუს ოლიგარქს ეშინია. თავისუფალი უნდა იყოს სასამართლო, პროკურატურა. ვნახეთ, როგორ გულშემატკივრობენ ევროპელები ქართველებს, მეორე მხრივ, ვნახეთ პუტინის რუსეთის კარის წარმომადგენელი ირაკლი ღარიბაშვილი. ჩვენი ამოცანაა, რაც შეიძლება სწრაფად უზრუნველვყოთ რუსული ხელისუფლების ჩამოშორება, რათა საქართველომ გააგრძელოს ევროპისკენ სვლა“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.