ლევან ხაბეიშვილი - მშენებლობას თუ დაიწყებენ, დუმბაძის სახელობის სკვერს ფიზიკურადაც დავიცავთ, ყველამ კარგად იცოდეს
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა ჩოხატაურში მოსახლეობას საინფორმაციო ბუკლეტები დაურიგეს და, როგორც თავად ამბობენ, დუმბაძის სახელობის სკვერის გასხვისებასთან დაკავშირებით მიაწოდეს ინფორმაცია.
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, თუ საჭირო გახდება, აღნიშნულ სკვერს ფიზიკურად დაიცავენ.
„„რუსულმა ოცნებამ“ და რუსმა ფეოდალმა, ჩიგოგიძემ გადაწყვიტეს, ჩოხატაურში ნოდარ დუმბაძის სკვერი წაართვან ადგილობრივებს. გუშინ ყველამ ვნახეთ, „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებს როგორ დაესხნენ თავს და ფიზიკურად გაუსწორდნენ. მათ მხოლოდ ეს ენა ესმით. „ჩმორი“ ხალხი, რომელიც მიუვარდა რამდენიმე ადამიანს, მათ შორის ქალბატონებს, აყენებდნენ სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას. ამ სკვერს აუცილებლად დავიცავთ. თუ მშენებლობას დაიწყებენ, ფიზიკურადაც დავიცავთ, ყველამ კარგად იცოდეს. ჩემო მეგობრებო, ნურაფრის გეშინიათ, ყველა მოქალაქის ინტერესს დავიცავ ყველგან. ასე ერთ გუნდად, ერთ მუშტად მოვალთ და დაგიცავთ“, – განაცხადა ჩოხატაურში „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა.
„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები გუშინ ჩოხატაურში მომხდარ ინციდენტში მონაწილე პირების, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებზე სავარაუდო თავდამსხმელების დაკავებასაც გამოეხმაურნენ და განაცხადეს, რომ აღნიშნული ქმედება ფორმალურია და დაკავებულებს მალე გაათავისუფლებენ.