ლევან ხაბეიშვილი - შეთანხმების დოკუმენტზე ხელმოწერა არის სრული სიგიჟე და ნიშნავს ამნისტიის გაზიარებას, პარლამენტში შესვლა-არშესვლაზე დისკუსიის გახსნა კი ლოგიკურია
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, შეთანხმების დოკუმენტზე ხელმოწერა ამნისტიის გაზიარებას ნიშნავს. აქედან გამომდინარე, ხაბეიშვილი აღნიშნავს, რომ დოკუმენტზე ხელმოწერის კატეგორიული წინააღმდეგია.
რაც შეეხება პარლამენტში შესვლა-არ შესვლის საკითხს, ხაბეიშვილის განმარტებით, ნიკა მელიას ხელმძღვანელობით პოლიტიკური საბჭო გაიმართება და პარტია გადაწყვეტილებას მიიღებს.
ხაბეიშვილი მიიჩნევს, რომ ამ მიმართულებით დისკუსიის გახსნა ლოგიკურია.
„ჩემი სუბიექტური აზრია, რომ ხელმოწერა დოკუმენტზე, სადაც ამნისტიის კანონია, ანუ კონკრეტული სისხლის სამართლებრივი დამნაშავეები უნდა გათავისუფლდნენ, არის სრული სიგიჟე და ისტორიის გადაწერაში თანამონაწილეობა. ჩემი სუბიექტური მოსაზრებაა, რომ ამაში მონაწილეობა არ უნდა მივიღოთ.
რაც შეეხება შესვლა-არშესვლასთან დაკავშირებით დისკუსიის გახსნას, ლოგიკურია, რადგან ჩვენმა კოლეგებმა დაგვიყენეს რეალობა, როცა პარლამენტში ფაქტობრივად იმდენი ადამიანი შევიდა, რომ საკონსტიტუციო ცვლილების განხორციელებაც შეუძლიათ. ამიტომ გაიხსნება დისკუსია პარტიაში, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენ იცით ჩვენი კატეგორიული პასუხი ამ კითხვაზე, როდესაც ერთიანი იყო ოპოზიციის პოზიცია და ჩვენ ვიყავით ბოიკოტში, ჩვენ განცხადებებიც დავწერეთ და მოწინაავეები ვიყავით, ვინც ეს გავაკეთეთ. ამიტომ მას შემდეგ, რაც დადგა რეალობა, მოცემულობა, როცა ჩვენმა კოლეგებმა დაგვაყენეს ფაქტის წინაშე, ახლა უკვე ნიკა მელიას ხელმძღვანელობით, როდესაც გაიმართება პოლიტიკური საბჭო, პარტია იქ მიიღებს გადაწყვეტილებას.
პირდაპირ გეუბნებით, რომ მეც არ ვარ ამ მიმართულებით ჩამოყალიბებული, ერთი რაც ზუსტად ვიცი, არის ის, რომ ამ დოკუმენტზე ხელმოწერა ნიშნავს ამნისტიის გაზიარებას, ამიტომ კატეგორიული წინააღმდეგი ვარ შეთანხმებაზე ხელმოწერის, სადაც ამნისტიის კანონპროექტი იქნება ასახული“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.