ლევან ხაბეიშვილი - ჩვენი რჩევაა, თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი გადადგეს
ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის “ წევრი ლევან ხაბეიშვილი თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელს კახა გვანცელაძეს თანამდებობის დატოვებას ურჩევს.
როგორც საკრებულოში, კახა გვანცელაძესთან დასრულებული შეხვედრის შემდეგ, ლევან ხაბეიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ ყველა კითხვაზე ბაღების სააგენტოს ხელმძღვანელმა უპასუხა, რომ „მოიკითხავს, არ იცის და მისი ვალდებულება არ არის“.
“ორი საათის განმავლობაში გვქონდა კონკრეტული შეკითხვები. სამწუხაროდ, ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი იქცეოდა, როგორც მკითხავი და ყველაფერზე გვიპასუხა, რომ მოიკითხავს, არ იცის, მისი ვალდებულება არ არის და ა.შ. ფაქტობრივად, ამ ადამიანს ორი საათის განმავლობაში არაფერზე პასუხი არ გაუცია. შესაბამისად, ჩვენი ერთადერთი რჩევა დედაქალაქის მერთან და ამ ადამიანის მიმართ არის ის, რომ ეს ადამიანი უბრალოდ ჩამოაშორონ ბაღების მართვის სააგენტოს თუ გვინდა, რომ ნორმალურ რეჟიმში გადავიდეს ბაღებში როგორც კვება, ასევე სააღმზრდელო წესრიგი“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.
მისი თქმით, კახა გვანცელაძეს პასუხები არ აქვს კონკრეტულ კომპანიასთან დაკავშირებით, რომელსაც არანაირი ბექგრაუნდი არ აქვს, დაჯარიმებულია და ამის მიუხედავად, სააგენტო ხელშეკრულებას უფორმებს.
„კახაბერ გვანცელაძეს პასუხი არ აქვს ნეპოტიზმთან დაკავშირებით, მას არანაირი პასუხი არ აქვს, გახდება თუ არა ფასიანი ბაღები. თურმე თავად ჩართული არ არის ამაში და საქმის კურსში არ არის. არადა, შეხვედრაზე ფაქტობრივად დაადასტურა, რომ მოუწევთ ფასის გაზრდა. ამიტომ ჩვენი რჩევაა, ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი უბრალოდ გადადგეს“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.