ლევან ხაბეიშვილი - ჩვენი მთავარი მოთხოვნაა ირაკლი ღარიბაშვილის ციხეში გაშვება, არ დაგვავიწყდეს, რომ ამ ხელისუფლებას ვაცლავ ჰაველის საფლავთან გვირგვინის მიტანის გამო მესამე პრეზიდენტი ციხეში ჰყავს გაშვებული
ჩვენი მთავარი მოთხოვნა მდგომარეობს ირაკლი ღარიბაშვილის ციხეში გაშვებაში, ის უნდა იყოს დაკავებული, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.
„შოვში რომ ადამიანები მიატოვა და ამაზე არავინ პასუხისმგებლობა არ აიღო, უკიდურესი გაჭირვება რომ აქვს კახელ მევენახეს, უმძიმესი რეალობაა დასავლეთ საქართველოში, მათ შორის თხილის ფასთან დაკავშირებით, გურიაში ტრაგედია ხდება და ადამიანები ფაქტობრივად საცხოვრებელი სახლების გარეშე რჩებიან, გვყავს გარდაცვლილები, რაც ასევე ცხადია, უმძიმესია. ამის პარალელურად, პუტინის მთავარი სპიკერი საქართველოში, ბიძინა ივანიშვილის გაგრძელება, ვგულისხმობ ირაკლი ღარიბაშვილს, თავს უფლებას აძლევს, გუშინ ტელეკომპანია „პირველმა“ გაასაჯაროვა კონკრეტული დოკუმენტაცია, საიდანაც ირკვევა, რომ ეს ფრენები, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ და მისი ვოიაჟი დაახლოებით 200 000 ლარამდე დაუჯდებოდა ბიუჯეტს. რესტორანი, სადაც მან მის მეუღლეს გადაუხადა დაბადების დღე, დაახლოებით 700 000 ლარი დაუჯდებოდა. საუბარია ორ ღონისძიებაზე, მის დასვენებასა და დაბადების დღეზე, რაშიც 900 000 ლარამდე დახარჯავდა ირაკლი ღარიბაშვილი. არ დაგვავიწყდეს მისი 300 000 ლარიანი მაჯის საათი. არ დაგვავიწყდეს ნახევარ მილიონ ლარად შეფასებული ორი ავტომობილი. უკანასკნელი პერიოდის განმავლობაში მუდმივად გვესმის და საზოგადოებას გვიწევს ამის გარჩევ, რომ ნუნუკას ტყე აჩუქა, რომ ნუნუკას დაბადების დღე აქვს და დასვენება სჭირდება, რომ ნუნუკას დაქალები დასასაქმებლები არიან. ნუნუკას უკანა ეზოდ აქცია ღარიბაშვილმა ჩვენი ქვეყანა და შესაბამისად ამაზე არავინ პასუხს არ აგებს და არ ფიქრობს, რომ რაიმე სახის პასუხისმგებლობა უნდა აიღოს.
ჩვენი მთავარი მოთხოვნა არ მდგომარეობს მხოლოდ პოლიტიკურ პასუხისმგებლობაში და გადადგეს მხოლოდ. მისი გადადგომის შემდეგ წულუკუანს თუ დანიშნავს ბიძინა ივანიშვილი, ან მაგალითად ირაკლი კობახიძეს, ამით საქართველოში ქართველ ხალხს არაფერი არ გამოუსწორდება. თუმცა ეს კაცი, ირაკლი ღარიბაშვილი ნამდვილად არის დასაჭერი. ამიტომ პროკურორი რომ ჰქვია, ბიძინა ივანიშვილის კიდევ ერთი თანაშემწე რომ გახლავთ, შოთაძეს ვგულისხმობ, უამრავი დანაშაული აქვს მას სისხლის სამართლის ამ დრომდეც და მინდა, მას ვუთხრა – თუ ახლა, ამ წუთებში, თუ კონკრეტულ ღონისძიებებს არ დაიწყებს ირაკლი ღარიბაშვილის წინააღმდეგ და მას ბორკილებს არ დაადებს, ისიც თანამონაწილეა ამ დანაშაულების, რაც ჩამოვთვალე. ჩვენი მთავარი მოთხოვნა მდგომარეობს ირაკლი ღარიბაშვილის ციხეში გაშვებაში, ის უნდა იყოს დაკავებული. არ დაგვავიწყდეს, რომ ამ ხელისუფლებას ციხეში გაშვებული ჰყავს ცინიკურად მესამე პრეზიდენტი, რომელსაც ჰილარი კლინტონს რომ „რედბული“ უყიდა, ვაცლავ ჰაველის საფლავთან გვირგვინი რომ მიიტანა და რაღაც ორი პიჯაკი შეიძინა თურმე, რითაც ოფიციალურ ვიზიტებზე დადიოდა, აი, ამის გამო ჰყავთ ციხეში გამოკეტილი“,- აღნიშნა ხაბეიშვიმლმა.
ამასთან, ხაბეიშვილმა ბრიფინგზე „ქართული ოცნების“ წევრებს მოუწოდა, დატოვონ საპარლამენტო უმრავლესობა.
„ყველამ კარგად უნდა იცოდეს, რომ ირაკლი ღარიბაშვილი არის დამნაშავე. საქართველოს პარლამენტის წევრებს მოვუწოდებ, დატოვონ რუსული პარტიის უმრავლესობა. ამ ქვეყანაში ერთადერთ შემთხვევაში შეიცვლება რეალობა, თუ რუსული პარტია დაიშლება, ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება შეიცვლება და თუ ამას რუსული პარტიის პარლამენტის წევრები არ გააკეთებენ, არის ჩვენი ხალხის გასაკეთებელი. თითოეულმა თქვენგანმა უნდა იცოდეს, რომ ძალა ერთობაშია და ჩვენ მხოლოდ ერთად დგომით შეგვიძლია, ბიძინა ივანიშვილის რუსული რეჟიმის დამარცხება“,- აღნიშნა ლევან ხაბეიშვილმა.