ლევან ხაბეიშვილი - ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ ერთპარტიული პარლამენტი, ამისთვის ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“ მზად არის, ვაპირებთ კონსულტაციებს და საუბარს ჩვენს კოლეგებთან
ლევან ხაბეიშვილი - ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ ერთპარტიული პარლამენტი, ამისთვის ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“ მზად არის, ვაპირებთ კონსულტაციებს და საუბარს ჩვენს კოლეგებთან

ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ ერთპარტიული პარლამენტი, ამისთვის ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“ მზად არის, ვაპირებთ კონსულტაციებს და საუბარს ჩვენს კოლეგებთან, – ამის შესახებ პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის კანდიდატმა, ლევან ხაბეიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

ამასთან, მისივე თქმით, ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“ ნებისმიერი გადაწყვეტილებისთვის, მათ შორის, საპარლამენტო მუშაობის შეწყვეტისთვის მზად არის.

„ხედავთ, რომ საკუთარი ჯანმრთელობისა და სიცოცხლის ფასად შიმშილობენ ჩემი კოლეგები. ვცდილობდი, გუშინ, განსაკუთრებით, ანი წითლიძის დარწმუნებას, ეს არ გაეკეთებინა, თუმცა მნიშვნელოვანია მოქმედება, მოძრაობა და მობილიზება. ჩემს კოლეგებთან ერთად, მზად ვარ ნებისმიერი მოქმედებისთვის, რაც იქნება წარმოდგენილი პარტიის თავმჯდომარის მხრიდან.

მანდატების დატოვებასთან დაკავშირებით, შემიძლია, თამამად გითხრათ, რომ ამისთვის „ნაციონალური მოძრაობა“ მზად არის, თუმცა, მნიშვნელოვანია, საზოგადოებამ იცოდეს, რომ პარლამენტი თუ არ დარჩება ერთპარტიული, ეს იქნება ერთჯერადი პროტესტი, ხოლო თუ დარჩება ერთპარტიული, ამას ექნება დიდი მნიშვნელობა. ვიმუშავებთ თუ არა კოლეგებთან ამ საკითხებზე? შემიძლია, პირდაპირ გითხრათ, რომ კი, ვიმუშავებთ, რათა პარლამენტი გახდეს ერთპარტიული, თან რაც შეიძლება სწრაფად. ამას გავაკეთებთ მიშა სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე და იმისთვის, რომ რუს ოლიგარქს ვებრძოლოთ ქმედითად. ორი და სამი დეპუტატის პარლამენტიდან გასვლამ არანაირი პრობლემა არ შეუქმნა „ქართულ ოცნებას“. ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ ერთპარტიული პარლამენტი. ამისთვის ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“ მზად არის. ვაპირებთ კონსულტაციებს და საუბარს ჩვენს კოლეგებთან“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.