ლევან ხაბეიშვილი - ჩვენ უნდა განვდევნოთ ეკლესიიდან წულუკიანები, მაჯლაჯუნები, ეშმაკები, ამ ხალხმა აქ არ უნდა დაიბუდოს
ჩვენს ეკლესიებთან დაკავშირებით რუსეთი რასაც აკეთებდა, იმავეს აკეთებს კრემლის ხელდასმით ბიძინა ივანიშვილი და წულუკიანი, რომელიც ანადგურებს გელათს და ამასთან დაკავშირებით დასკვნა დადო მისივე სამინისტროს კონკრეტულმა სამსახურმა, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, სურს, საქართველოში საუკეთესო ექსპერტები ჩამოიყვანოს და თეა წულუკიანს მიმართავს, მიიღოს ეს შეთავაზება.
„თეა წულუკიანის სამინისტროში შემავალმა კეთილსინდისიერმა ადამიანებმა დაწერეს დასკვნა გელათთან დაკავშირებით, რომ არის უმძიმესი მდგომარეობა. დიახ, ბიძინა ივანიშვილი და წულუკიანი არიან პასუხისმგებლები იმ ვანდალიზმზე, რაც ხდება. ბაგრატის ტაძარი თავის დროზე მიხეილ სააკაშვილის ხელმძღვანელობით აღდგა, ასევე აღდგა უამრავი ეკლესია. ამ დროს ივანიშვილი ანადგურებს კულტურულ მემკვიდრეობებს. მე მაქვს კონკრეტული შეთავაზება, გვინდა, რომ მსოფლიოში საუკეთესო ექსპერტები ჩამოვიყვანოთ და მზად ვართ, უზრუნველვყოთ ყველაზე კარგი ექსპერტების ჩამოყვანა ჩვენი ხარჯით. ამიტომ გვიწევს წულუკიანთან ეს შეთავაზება, რომ თქვენ დაანგრიეთ გელათი და წაშალეთ ისტორია. ჩვენ უნდა განვდევნოთ ეკლესიიდან წულუკიანები, მაჯლაჯუნები, ეშმაკები, ამ ხალხმა აქ არ უნდა დაიბუდოს. ან მიიღეთ ეს შეთავაზება, ან ხალხის პასუხი უნდა იყოს ადეკვატური და თუ საჭირო იქნება ღონისძიებები უნდა გავატაროთ“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.