ლევან ხაბეიშვილი - ჩვენ არ ვაპირებთ არანაირ რუსულ თამაშებში მონაწილეობის მიღებას, რომელიც უკავშირდება მოგონილ ამბავს, თითქოს იმპიჩმენტს მოუწყობენ სალომე ზურაბიშვილს
არაერთხელ აღგვინიშნავს, რომ სალომე ზურაბიშვილი არის ბიძინა ივანიშვილის გაგრძელება და, ფაქტობრივად, ეს ქალბატონი ბიძინა ივანიშვილის გარეშე არ და ვერ იღებს გადაწყვეტილებებს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ოთარ ფარცხალაძესთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებაც ნათელი დასტურია, რომ ზურაბიშვილი გადაწყვეტილებებს მარტო არ იღებს.
„ჩვენ არ ვაპირებთ არანაირ რუსულ თამაშებში მონაწილეობის მიღებას, რომელიც უკავშირდება მოგონილ ამბავს, თითქოს იმპიჩმენტს მოუწყობენ სალომე ზურაბიშვილს. ვწუხვარ, რომ ამ თემაზე არ დასრულდა სპეკულაციები. „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკურმა საბჭომაც მიიღო გადაწყვეტილება და ჩვენ არ ვმონაწილეობთ ამ სხდომაში. ეს ყველაფერი, უბრალოდ, ბიძინა ივანიშვილის თამაშია, ნუ შედიხართ ამ თემის განხილვაში. როდესაც ეს თემა აქტუალურია, ეს მხოლოდ „ქართულ ოცნებას“, რუსულ პარტიას და ბიძინა ივანიშვილს აწყობს“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.