ლევან ხაბეიშვილი - ბრძოლას გავაგრძელებთ, თავისუფლების მოედანზე შევიკრიბებით ათიათასობით თანამოქალაქე და პარტიის თავმჯდომარე გამოაცხადებს ოპოზიციის გეგმას
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ყველაფერზეა წამსვლელი და ისინი კიდევ ერთხელ აჩვენებენ საკუთარ სახეს, რომ არად უღირთ ადამიანის სიცოცხლე.
„ასე გამოიყურება მკვლელი ხელისუფლება, ასე გამოიყურება რუსული ოცნება, რომელმაც რამდენიმე საათი ფაქტობრივად მესამე პრეზიდენტი მოიპარა ისე, რომ სახალხო დამცველმა, მისმა უფლებადამცველებმა, მისმა ოჯახის წევრებმა არაფერი იცოდნენ. ცხადია, ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნების“ ხელისუფლება წამსვლელი არიან აბსოლუტურად ყველაფერზე და ისინი კიდევ ერთხელ აჩვენებენ საკუთარ სახეს, რომ მათ არად უღირთ არა თუ ადამიანის სიცოცხლე, არამედ მათ შორის იმ ადამიანისაც, რომელსაც თავის დროზე დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ჩვენი ქვეყნის ძალიან ბევრი რეფორმა უკავშირდება.
შესაბამისად, თუ ამ ზამბარას ჭიმავენ ბოლომდე, აუცილებლად მიიღებენ ცხვირში და ეს ცხვირში მირტყმა იქნება აბსოლუტურად მშვიდობიანი, კონსტიტუციის და კანონის ფარგლებში“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.
ხაბეიშვილის თქმით, ბრძოლა გრძელდება და ოპოზიციის სამოქმედო გეგმაც გახდება ცნობილი.
„ბრძოლას გავაგრძელებთ. თავისუფლების მოედანზე შევიკრიბებით ათიათასობით თანამოქალაქე და შესაბამისად, პარტიის თავმჯდომარე ადგილზე გამოაცხადებს გეგმას, რომელიც აქვს ოპოზიციას. საფრთხეები არის ის, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს ემუქრება საფრთხე. ეს საფრთხე არის იმდენად მძიმე და მწვავე, რომ ისინი მიდიან ფაქტობრივად მესამე პრეზიდენტის მკვლელობაზე. ეს კიდევ ერთხელ დაადასტურეს პენიტენციურის განცხადებით, როცა ამბობენ, რომ სამოქალაქო კლინიკის ნაცვლად, გადაყვანილია გლდანში, მაგრამ, მოდი, ისიც ვთქვათ, რომ ამ დრომდე არავინ არაფერი იცის. არსად არავის არ აჩვენებენ, არ უნახავს, ამიტომ დაველოდოთ, თუმცა ის კი ვნახეთ, რომ მესამე პრეზიდენტი ფაქტობრივად ციხიდან მოიტაცეს“, – აღნიშნა ლევან ხაბეიშვილმა.
სპეციალური პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების პრევენციის მიზნით და მომატებული საფრთხეებიდან გამომდინარე მიხეილ სააკაშვილი მე-12 პენიტენციური დაწესებულებიდან გადაყვანილია N18 ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში.