ლევან ხაბეიშვილი ბაღების სააგენტოს ხელმძღვანელის თანამდებობიდან გათავისუფლებას ითხოვს
თბილისის საკრებულოს წევრი ლევან ხაბეიშვილი ბაღების სააგენტოს ხელმძღვანელის, კახაბერ გვანცელაძის თანამდებობიდან გათავისუფლებას ითხოვს.
მისი განცხადებით, კომპანია „მზიური“, რომელიც თბილისის ბაგა-ბაღებს კვებით უზრუნველყოფს, ნაკისრ ვალდებულებებს ვერ ასრულებს.
კერძოდ, ლევან ხაბეიშვილის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ თითოეული ბავშვის კვების ხარჯი თითქმის ერთი ლარით, საერთო ბიუჯეტი კი, 1 200 000 ლარით გაიზარდა, კომპანია ბაღებში პროდუქტის დროულად შეტანას ვერ ახერხებს.
„ბაღებში 60 000 ბავშვს აქვს კვების პრობლემა. 1 200 000 ლარით მოიმატა ფასმა ახალი კომპანიისთვის. ანუ თუ ერთ ბავშვს აჭმევდნენ 3.20 ლარად, ახლა კომპანიას რომ გაუფორმეს ხელშეკრულება, არის 4.14 თეთრი. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ როდესაც თავის დროზე ოპოზიციამ თქვა, სამი ლარი და 20 თეთრი არ იქნებოდა საკმარისი, დადასტურდა. მიუხედავად იმისა, რომ ფასი დაახლოებით ერთი ლარით გაიზარდა, გვაქვს კონკრეტული დოკუმენტაცია, ასევე დედაქალაქის მერიისგან, ამ შემთხვევაში ბაღების მიერ შექმნილი დოკუმენტი, სადაც წერია, რომ კომპანიამ 4 ივნისს ვერ მიაწოდა ვაშლი და კვერცხი. ასევე გვაქვს აქტები, სადაც წერია, რომ დედაქალაქის მერიამ ვერ მიაწოდა ბაღებს ზეთი. არის შემთხვევები, როდესაც რძის პროდუქტები ვერ შეაქვთ. შესაბამისად, საკრებულოს ოპოზიცია უკვე მოითხოვს ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელის კახაბერ გვანცელაძის თანამდებობიდან გათავისუფლებას“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.