ლევან ხაბეიშვილი - აშშ-ის გადაწყვეტილება სანქციებზე, არის დადასტურება, რომ საქართველოში არის კლანური სასამართლო და ყველა პოლიტიკური პატიმარი, რომელიც სასჯელს იხდის, სასწრაფოდ უნდა გათავისუფლდეს
ლევან ხაბეიშვილი - აშშ-ის გადაწყვეტილება სანქციებზე, არის დადასტურება, რომ საქართველოში არის კლანური სასამართლო და ყველა პოლიტიკური პატიმარი, რომელიც სასჯელს იხდის, სასწრაფოდ უნდა გათავისუფლდეს

ოთხი პირის დასანქცირების შესახებ აშშ-ის გადაწყვეტილება არის ნათელი დადასტურება, რომ საქართველოში არის კლანური, კორუფციული სასამართლო და ყველა პოლიტიკური პატიმარი, რომელიც დღეს სასჯელს იხდის ამ კორუფციული, პოლიტიკურად მოტივირებული სასამართლოს მიერ მისჯილი გადაწყვეტილებებით, სასწრაფოდ უნდა იყოს გათავისუფლებული, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე განახადა.

როგორც ლევან ხაბეიშვილმა აღნიშნა, წარმატებით, რეფორმებით ცნობილი საქართველო რუსმა ოლიგარქმა მსოფლიოს გააცნო, როგორც სამარცხვინო, კორუფციული კლანური მმართველობის სასამართლო სისტემით, სამარცხვინო ანტიდასავლური რიტორიკით, სამარცხვინო რეპრესიებით, პუტინისტობით.

„ამასობაში აშშ-ის გადაწყვეტილება არის ისტორიული და უპრეცედენტო, მოგეხსენებათ, ოთხი მოსამართლე დასანქცირდა და მათი ოჯახის წევრებიც, რაზეც ოფიციალური განცხადება უკვე გაკეთდა. ეს არის ნათელი დადასტურება, რომ საქართველოში არის კლანური, კორუფციული სასამართლო და ყველა პოლიტიკური პატიმარი, რომელიც დღეს სასაჯელს იხდის ამ კორუფციული, პოლიტიკურად მოტივირებული სასამართლოს მიერ მისჯილი გადაწყვეტილებებით, სასწრაფოდ უნდა იყოს გათავისუფლებული. ამასობაში შეგახსენებთ, რომ ჩვენ, პოლიტიკური პარტიები, სამოქალაქო საზოგადოება ვსაუბრობდით, რომ სანქცირება მოუწევდათ უკვე კონკრეტული თანამდებობის პირებს, აქ საუბარია მურუსიძეზე, ჩინჩალაძეზე, ამ მოსამართლეებზე. ეს პროცესი უკვე დაიწყო და ეს არის პოლიტიკური გზავნილი დანარჩენებისთვის, იმ ხალხისთვის, რომლებიც საქართველოს სახელმწიფოს ანადგურებენ. ეს ეხება 76 ქართველ გარუსებულ დეპუტატს, ვინც რუსულ კანონს მისცა ხმა და მინდა, მივმართო მათ, დაფიქრდით, სად მიყვებით რუს ოლიგარქს. მინდა, მივმართო პროკურორებს, სუს-ის უფროსს, ლილუაშვილს, შსს მინისტრს და მაღალი თანამდებობის პირებს, არაფერს ვლაპარაკობ, კობახიძესა და ღარიბაშვილზე, ვინც ანადგურებთ ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებირობას. ეს გზავნილი არის თქვენთვის და შემდეგი უკვე რიგში ხართ თქვენ, ისევე როგორც რუსი ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი. მინდა, ქართველ ხალხს ვუთხრა, რომ ეს ნაბიჯი ჩვენი პარტნიორებისგან არის ქართველი ხალხის მიმართ მხარადჭერა, მხარდაჭერა იმ გზის, რომელსაც ჩვენ ახლა გავდივართ რუსული რეჟიმის წინააღმდეგ და ვიბრძვით თავისუფლებისა და ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლისთვის. ეს გზავნილი არის ქართველი ხალხისა და ახალგაზრდების მონაპოვარი, რომლებმაც დაიცვეს საქართველოს კონსტიტუცია და სახელმწიფოებრიობა. სწორედ ამიტომ მოგიწოდებთ, 9 აპრილს, 17:00 საათზე ყველანი ერთად უნდა დავდგეთ, რომ რუსული ოცნების, რუსული რეჟიმის დემონტაჟი მივიყვანოთ ბოლომდე. ეს არის უკვე უკანასკნელი წვეთი, მათ შორის ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხრიდან და ეს არის პირველი გადაწყვეტილება სანქცირებასთან დაკავშირებით.

მადლობა აშშ-ს ქართველი ხალხისა და ჩვენი ევროპული მომავლის მხარდაჭერისთვის. წარმოუდგენელია, როცა აშშ ღიად საუბრობს კლანურ, კორუფციულ სასამართლო სისტემაზე, ამ სისტემის მიერ გასამართლებული პუტინის პირადი პატიმარი სააკაშვილი აგრძელებდეს ასეთ წამებაში ყოფნას, ასევე ნიკა გვარამია, შამათავა და სხვა პოლიტიკური პატიმრები, რომლბიც მრავლად ჰყავს ჩვენს ქვეყანას. ასევე, ახალგაზრდა ლაზარე, რომელიც ამ რუსული რეჟიმის მსხვერპლია“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.

აშშ-მა მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძეს სანქციები დაუწესა.  ამის შესახებ აღნიშნულია აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებაში. „დღეს ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი ახდენს მიხელ ჩინჩალაძის, ლევან მურუსიძის, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძის საჯარო სანქცირებას, ვიზის აკრძალვის შესახებ 7031(c) წესის საფუძველზე, მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში მათი ჩართულობის გამო. აღნიშნულმა პირებმა ბოროტად გამოიყენეს თავიანთი თანამდებობა, როგორც სასამართლოს თავმჯდომარეებმა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა, რითიც ზიანი მიაყენეს სამართლის უზენაესობასა და საზოგადოების ნდობას საქართველოს სასამართლო სისტემის მიმართ“, – აღნიშნულია განცხადებაში.