ლევან ხაბეიშვილი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტზე პლებისციტს ითხოვს
ლევან ხაბეიშვილი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტზე პლებისციტს ითხოვს

არჩევნებთან ერთად, პლებისციტი ჩაატარონ და ხალხმა გადაწყვიტოს მშვიდობიანად ამ კანონის ბედი, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

ხაბეიშვილის თქმით, „საქართველოს მოქალაქეს არ უნდა რუსული კანონი“.

„ხედავთ ათიათასობით საქართველოს მოქალაქეს ქუჩებში, რომლებიც მშვიდობიანად აპროტესტებენ რუსულ კანონს. მიუხედავად პოლიტიკური გემოვნებისა, უმნიშვნელოვანესია საქართველოს ევროპული მომავლისთვის საქართველოს თითოეული მოქალაქის აქტიურობა, რათა იქნებ როგორმე უკან დავახევინოთ ადამიანებს, რომლებმაც გადაწყვიტეს, იძალადონ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებზე.

სხვა შემთხვევაში, ჩვენ შევთავაზეთ ივანიშვილის ხელისუფლებას მშვიდობიანად, წყნარად გადაწყდეს ეს საკითხი. შესაბამისად, ჩატარდეს თუნდაც პლებისციტი არჩევნებთან ერთად ამ კანონპროექტთან დაკავშირებით, თუ მათ არ სურთ პროვოკაცია, არ სურთ რობოკოპების მეშვეობით დაუპირისპირდნენ ხალხს, თუ მათ არ სურთ ძალადობა, ყველაზე მშვიდობიანი გამოსავალი არსებობს – ხალხმა გადაწყვიტოს ამ კანონის ბედი, რადგან საქართველოს მოქალაქეს არ უნდა რუსული კანონი. ცივილიზებულ სამყაროში ერთი ქვეყანა არ მოიძებნება, რომელიც ამბობს, რომ ეს კარგია საქართველოს მოქალაქისთვის და ამას თვითონაც აღიარებენ, რომ არ ჰყავთ მოკავშირე“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.