ლევან ხაბეიშვილი - ადამიანებს, რომლებიც ზონდერობენ, ძალადობენ, პასუხისმგებლობა ნამდვილად მოუწევთ, შესაშინებელი შეშინდეს
ეს არ არის არანაირი შავი სია, ესაა სია კონკრეტული ადამიანებისა, მათ შორის საჯარო მოხელეების, რომლებიც არიან პოლიტიკურ ინსტრუმენტებად ქცეულები და ასრულებენ პოლიტიკურ დაკვეთებს,- ამის შესახებ საკრებულოს წევრმა „ნაციონალური მოძრაობიდან“ ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.
„ეს არ არის არანაირი შავი სია, ეს არის სია, სადაც კონკრეტული ადამიანები, მათ შორის საჯარო მოხელეები არიან პოლიტიკურ ინსტრუმენტებად ქცეულები და ასრულებენ პოლიტიკურ დაკვეთებს, მაგალითად, ისეთები, როგორებიც არიან პირველად გასაჯაროვებულ სიაში – არევაძე, იგივე ბატონი ვალერიანი, რომელიც „ქართული ოცნების“ აქტივისტია და სასამართლო მანტიაში გამოწყობილი კონვეირულად ასამართლებს ადამიანებს. მაგალითად, ნუგზარ ჭონქაძე, იგივე სულიკო კედელაშვილი, რომელიც ოფიციალური ტროლი და ბოტია კახი კალაძის, გამოირჩევა ადამიანების უფლების დარღვევითა და ძალადობით. სია დგება იმ ადამიანების, რომლებიც არიან ეჭვმიტანილნი ადამიანის უფლებების დარღვევაში და პოლიტიკურ ინსტრუმენტად ქცევაში“,- განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.
ხაბეიშვილის თქმით, საერთაშორისო პარტნიორებს მიაწვდიან კონკრეტულ დამუშავებულ სიას მათ მიმართ გარკვეული შეზღუდვების დაწესების მიზნით.
„ჩვენს პარტნიორებს მივაწოდებთ კონკრეტულ დამუშავებულ სიას, შემდეგ კი მათზე უნდა მოხდეს გარკვეული შეზღუდვები, იქნება ეს ფინანსური, თუ გადაადგილების. ეს არ არის რომელიმე კონკრეტული პოლიტიკური პარტიის სია, ეს არის პოლიტიკური სპექტრის მიერ ერთად, კონსენსუსის შედეგად, შედგენილი სია“,- აღნიშნა ლევან ხაბეიშვილმა.
ლევან ხაბეიშვილის განმარტებით, აღნიშნულ სიაში შეიძლება მოხვდეს იმდენი ადამიანი, რამდენიც ადამიანის უფლებებს არღვევდა.
„იმდენი ადამიანი შეიძლება, მოხვდეს ამ სიებში, რამდენიც არღვევდა ადამიანის უფლებებს ისევე, როგორც მონა ვალერი. ჩვენ ჩვენს დასავლელ პარტნიორებს ამ სიას აუცილებლად მივაწვდით და ისინი მიიღებენ კონკრეტულ გადაწყვეტილებებს. ამ სიაზე მუშაობის მთავარი ამოცანა არის ის, რომ ჩვენს ევროპელ კოლეგებს და ამერიკელ კონგრესმენებს ჰქონდეთ კონკრეტული ინფორმაცია სრულიად პოლიტიკური სპექტრი რომ შეთანხმებულია, ეს კონკრეტული ადამიანები პოლიტიკურ აქტებს ,,აპრავებენ”. შიდა გზავნილი უნდა იყოს სხვა საჯარო მოხელეებისთვის შემაკავებელი, რომ ისინი კანონის წინაშე აუცილებლად აგებენ პასუხს. როდესაც სასამართლო იქნება თავისუფალი, შემდეგ ამ კონკრეტულ ადამიანებს, რომლებიც სჩადიან, მათ შორის სისხლის სამართლებრივ დანაშაულებს და ასეთი უამრავია, მონა ვალერის რომ მოუწევს პასუხისმგებლობა, ეს არის ორჯერ ორი. შესაბამისად, სხვამ რომ არ გაიმეოროს ვალერიან ფილოშვილი, იმისთვის დგება ეს სია. ჩვენ ვფიქრობთ, რომ პოლიცია უნდა იყოს თავისუფალი და მეტიც, როცა ხელისუფლება შეიცვლება, პოლიციას მოუწევს თავისი ფუნქციების შესრულება, უფრო მეტი ანაზღაურების მიღება, ვიდრე დღეს მონურ მორჩილებაში აქვთ. ხალხმა ძალიან კარგად იცის, რომ როდესაც ხელისუფლება შეიცვლება, ისინი გათავისუფლდებიან პოლიტიკური ზეგავლენებისგან და შემდეგ მიეცემათ ნორმალური მუშაობის საშუალება. არანაირი დაჭერები და დევნა არ იქნება იმ ადამიანებზე, ვინც არ ჩადის კანონდარღვევას და უკაცრავად, ადამიანებს, რომლებიც ზონდერობენ, ძალადობენ ნამდვილად მოუწევთ პასუხისმგებლობა. შესაშინებელი ვინც არის, შეშინდეს ის, ვინც არღვევს კანონს“ ,- განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.
ოპოზიციაში აცხადებენ, რომ სია ძირითადად სამი მიმართულებით მუშავდება და ის ეხება: „პოლიტიკოსებს, რომლებიც მართლმსაჯულების გაყალბებასა და პოლიტიკური მიზნებით გამოყენებაში იქნებიან მხილებულნი“, მოსამართლეს, პროკურორს, თუ გამომძიებელს, რომლებიც „გაყალბებაში, საქმეების შეკერვასა და მართლმსაჯულების პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებაში არიან მხილებულნი“, ასევე, სიაში წარმოდგენილი იქნებიან „პოლიტიკური დევნის, შანტაჟისა და მართლმსაჯულების მსხვერპლნი – დაპატიმრებული თუ სხვა მხრივ რეპრესირებული ადამიანები“.
ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების სპეციალურმა კომისიამ ორი დღის წინ გამართულ შეხვედრაზე სიის ხუთეული შეათანხმა. ოპოზიცია აანონსებს, რომ სიის პირველი ათეული უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.