ლევან ხაბეიშვილი აცხადებს, რომ სააკაშვილის ე.წ. შავ სიასთან დაკავშირებით ანტიკორუფციულ მოძრაობას დააფუძნებს
ვაპირებ ანტიკორუფციული მოძრაობის დაფუძნებას, რომელიც იქნება ყველგან, სადაც „ქართული ოცნების“ ხელისუფლება იპარავს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.
ლევან ხაბეიშვილი გამოეხმაურა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ინიციატივას, რომელიც ე.წ. შავი სიის შექმნას უკავშირდება.
„გამოვეხმაურე პრეზიდენტ სააკაშვილის განცხადებას, რომ საჯარო უნდა იყოს იმ კონკრეტული საჯარო მოხელეების ვინაობა, რომლებიც სისხლის სამართლის დანაშაულს ჩადიან, ქურდობენ, მოქალაქეებს ფაქტობრივად სიცოცხლეს პარავენ, რის შემდეგაც, მოქალაქეების დიდ ნაწილს ქვეყნიდან გაქცევა უწევს. მნიშვნელოვანია, საერთაშორისო პარტნიორებს ჰქონდეთ ინფორმაცია იმ მოსამართლეების, პროკურორების, საჯარო მოხელეების, თანამდებობის პირების შესახებ, რომლებიც ძარცვავენ საქართველოს მოქალაქეებს და კონკრეტულ დანაშაულს ჩადიან. ვაპირებ ანტიკორუფციული მოძრაობის დაფუძნებას, რომელიც იქნება ყველგან, სადაც „ქართული ოცნების“ ხელისუფლება იპარავს“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.
მისივე თქმით, „ეროვნულ თანხმობაზე უამრავჯერ გაკეთდა საჯარო განცხადება, რაც გულისხმობს, რომ სასამართლო უნდა იყოს თავისუფალი, პროკურატურა დეპოლიტიზებული, ეს არის ეროვნული თანხმობა, შერიგება და არა ის, რომ ქურდებს, კრიმინალებს, რომლებმაც გაძარცვეს ქვეყანა, რაიმე ეპატიოთ“.
„მნიშვნელოვანია სამართლიან თამაშის წესებზე შევთანხმდეთ, რაც ნიშნავს, რომ მათ შორის ჩვენი დასავლელი პარტნიორების ჩართულობით და ზედამხედველობით გატარდეს სასამართლო რეფორმა, რომელიც თავისუფალ სასამართლოს უზრუნველყოს. ასევე, მნიშვნელოვანია პროკურატურაში გატარდეს რეფორმა, რომელიც უზრუნველყოფს პროკურატურის დეპოლიტიზირებას და ეს არ უნდა იყოს რომელიმე ერთი პოლიტიკური პარტიის აღქმა ან შეფასება. ეს უნდა იყოს ჩვენი დასავლელი პარტნიორების, სამოქალაქო საზოგადოების შეფასება“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.