ლევან ხაბეიშვილი - 3 დეკემბერს „ქართული ოცნების“ ოფისთან მოვითხოვთ მიხეილ სააკაშვილის გადაყვანას, ჯანმრთელობისა და სიცოცხლის უზრუნველყოფას
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის კანდიდატის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, 3 დეკემბერს „ქართული ოცნების“ ოფისთან მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით აქცია გაიმართება.
როგორც ხაბეიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, აქციაზე ერთადერთი მოთხოვნა იქნება მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის უზრუნველყოფა.
„გადავწყვიტეთ საგანგებო განცხადების გაკეთება, რადგან დღეს კიდევ ერთხელ რუსულმა ოლიგარქიულმა რეჟიმმა გვაჩვენა, რა მდგომარეობაში ამყოფებენ მესამე პრეზიდენტს. დამალეს სააკაშვილი და არ აჩვენეს, როგორ გამოიყურება ვიზუალურად. ამას აქვს მარტივი მიზეზები, როგორც კი საზოგადოება დაინახავს პრეზიდენტ სააკაშვილის მდგომარეობას, ყველას დარჩება შთაბეჭდილება, რომ ქვეყანას მართავს ფაშისტური რეჟიმი, ამიტომ ჰყავთ გადამალული. „ქართული ოცნების“ ლიდერები არიან სპეკულაციებით დაკავებული, სხვა რამეს ამბობენ ექიმები და ექსპერტები. არც ერთი წუთი არ გვაქვს დასაკარგი და გადასადები, უნდა ვიბრძოლოთ ქვეყნისთვის და მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობისა და სიცოცხლისთვის. მე, ჩემი თანამებრძოლები და მხარდამჭერები, ჩვენ, ყველანი ერთად, შაბათს, 3 დეკემბერს, 15:00 საათზე „ქართული ოცნების“ ოფისთან, იქ, სადაც მიიღება რეალური გადაწყვეტილებები, მოვითხოვთ მთავარ რამეს, არანაირი პოლიტიკური დღის წესრიგი არ გვაქვს, გვაქვს ერთი მოთხოვნა მხოლოდ — სააკაშვილის გადაყვანა, ჯანმრთელობა და სიცოცხლის უზრუნველყოფა. მე ამ მიზნით ხვალიდან გავდივარ რეგიონებში, არა მხოლოდ შაბათი დღისთვის, გენერალური ბრძოლის მობილიზებისთვის რუსი ოლიგარქის წინააღმდეგ. უმოქმედოდ ოლიგარქს ვერ დავამარცხებთ. ხელები უნდა ჩავკიდოთ ერთმანეთს და ვიბრძოლოთ. ძალიან მნიშვნელოვანია, 3 დეკემბერს კიდევ ერთხელ შევახსენოთ „ოცნებას“, რომ არ ვაპირებთ დანებებას, არ ვაპირებთ, ვიყოთ უიმედობასა და სასოწარკვეთაში. ჩვენ ვაპირებთ ბრძოლას, ბრძოლას და ბრძოლას გამარჯვებამდე. მოახლოებულია ბიძინა ივანიშვილის, რუსული ოცნების პოლიტიკური წარღვნა და ჩვენ ამას ყველანი ერთად ხელჩაკიდებული გავაკეთებთ. შაბათს, 3 დეკემბერს, სამ საათზე „ქართული ოცნების“ ოფისთან“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.