ლევან ხაბეიშვილი - 100-მდე ნიღბიანი ადამიანი იყო, შუბით ცდილობდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში შემოჭრას, ძლიერი ხელისუფლება, რომელსაც ხალხთან სალაპარაკო აქვს, შუბით არ ელაპარაკება მათ
„ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალურ ოფისში შუბით ცდილობენ შემოჭრას, 100-მდე ნიღბიანი ადამიანი იყო, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, შემდეგი სამიზნე სხვადასხვა პოლიტიკური, სამოქალაქო ჯგუფი, რიგითი მოქალაქეები და აქტივისტები იქნებიან.
ამასთან, ლევან ხაბეიშვილმა არასამთავრობო ორგანიზაციებს და ელჩებს მიმართა, გამოთქვან პოზიცია თავდასხმასთან დაკავშირებით.
„ფაქტობრივად, რამდენიმე წუთის განმავლობაში „ნაციონალური მოძრაობის“ თანამშრომლებს, უსაფრთხოების თანამშრომლებს, გოგონებს, ახალგაზრდებს უწევდათ კარებთან ამ ადამიანების შეკავება. შუბით ცდილობენ „ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალურ ოფისში შემოჭრას. 100-მდე ნიღბიანი ადამიანი იყო, რომლებიც, სავარაუდოდ, ხარებას სპეცდანიშნულების რაზმებიდან მოაბილიზეს ერთად, რადგან იქიდან მოვიდნენ და შემდეგ ისევ იქეთ წავიდნენ. წინა კარიდანაც, სამზარეულოდანაც ცდილობდნენ შემოსვლას და იყვნენ ამ შუბებით შეიარაღებულები ღამის პირველ საათზე. რამდენიმე წუთი ვუწევდით წინააღმდეგობას და თავს ვიცავდით, რომ ეს აგრესიული „ტიტუშკები“ არ შემოჭრილიყვნენ. სამწუხაროდ, ჩემს არასრულწლოვან შვილთან ერთად ვიმყოფებოდი აქ, მაგრამ მათ აღარც ბავშვები, აღარც ოჯახის წევრები არ აინტერესებთ. ასე გამოიყურება ივანიშვილის რუსული კანონი და საზოგადოებამ უნდა გაიაზროს ერთი მარტივი ჭეშმარიტება, რომ ეს კაცი არ აპირებს ილაპარაკოს, სანამ ხელისუფლებაში იქნება.
ასევე, მინდა მივმართო არასამთავრობო ორგანიზაციებს, ელჩებს და ყველას ვუთხრა, რომ გამოთქვით ყველამ თქვენი პოზიცია ამ თავდასხმასთან დაკავშირებით. უნდა გვესმოდეს, რომ ესენი არ გაჩერდებიან და სამიზნე იქნება სხვადასხვა პოლიტიკური, სამოქალაქო ჯგუფი, რიგითი მოქალაქეები, აქტივისტები და ამ შუბის ენით აპირებენ საუბარს. შესაბამისად, ჩვენ ყველამ ერთად უნდა უზრუნველვყოთ ამ შეშინებული ხელისუფლების ჩამოშორება, წინააღმდეგ შემთხვევაში, გვესმის, რომ ესენი ხალხის საკეთილდღეოდ მუშაობას არ აპირებენ. ყველა სიკეთესთან ერთად ძალიან მხდლები და მშიშარები არიან, მინიმალური წინააღმდეგობის დროსაც კი თავქუდმოგლეჯილი გარბოდნენ. ასევე, ძალიან მძიმე იყო ყურება, საპატრულო პოლიციად წოდებულმა ავტომობილებმა ჯერ როგორ მოაცილეს, მერე გააცილეს და შემდეგ ყველა რომ წავიდა, ინდურ ფილმებში რომ არის, ისე მოვიდნენ ბოლოს, როცა ყველაფერი მორჩა და „ტიტუშკები“ გაიქცნენ. ეს ძალიან სამწუხარო საყურებელია, სახელმწიფო ინსტიტუტები ჩამოშალა ივანიშვილმა და პოლიცია გახადა „მილიცია“ და ხარებას ზონდერდაჯგუფებად გადააქცია ყველა ისეთი სამსახური, რომელიც კანონს უნდა ემსახურებოდეს. უნდა გვესმოდეს, რომ მძიმე პერიოდი გველოდება წინ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ გავიმარჯვებთ სახელოვნად, რადგან, ყველა სიკეთესთან ერთად, არიან მშიშარები და ისინი არიან წაგებულის პოზიციიდან. ძლიერი ხელისუფლება, რომელსაც სალაპარაკო აქვს თავის ხალხთან, შუბით არ ელაპარაკება ხალხს“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.