ეკონომიკის ექსპერტი ლევან კალანდაძე მიიჩნევს, რომ 2018 წლის ბიუჯეტი სწორად არის დაგეგმილი.
როგორც ექსპერტმა “პირველ არხთან” საუბარში განაცხადა, ასევე სწორად არის განსაზღვრული აქცენტები და პრიორიტეტები.
“აქცენტები და პრიორიტეტები ძირითადად სწორად არის დალაგებული, რადგან ის გამოწვევები, ის დღის წესრიგი, რაც პრემიერის მიერ დაანონსებულმა 4-პუნქტიანმა გეგმამ დააყენა ქვეყანაში, სწორედ ამ პრიორიტეტებზე ითვალისწინებს გარკვეული საბიუჯეტო პოლიტიკის მორგებას. ამის გათვალისწინებით, პრიორიტეტები და აქცენტები ბიუჯეტში სწორად არის დალაგებული”, – განაცხადა „პირველ არხთან“ საუბარში ეკონომისტმა ლევან კალანდაძემ.
წინა წლის ბიუჯეტთან შედარებით, 2018 წლის ბიუჯეტი თითქმის მილიარდი ლარით არის გაზრდილი და 12 ნახევარ მილიარდ ლარს აღწევს.
რაც შეეხება პრიორიტეტებს, დოკუმენტის მიხედვით, ძირითადი აქცენტები ჯანდაცვის, განათლებისა და ინფრასტრუქტურის გაძლიერებაზეა მიმართული.
სამივე უწყების ბიუჯეტი, წინა წელთან შედარებით, გაზრდილია.
გარდა ამისა, ქვეყნის მთავარი ფინანსური დოკუმენტის მიხედვით, მომავალ წელს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 4,5 პროცენტია.
თუმცა ფინანსთა სამინისტროში განმარტავენ, რომ ეს არის კონსერვატიული მიდგომა და მიმდინარე ზრდის გათვალისწინებით, არ არის გამორიცხული, ეკონომიკა უფრო მეტად გაიზარდოს.