ლევან კაკავამ თურქეთის ვაჭრობის მინისტრის მოადგილესთან „კოვიდ-19“-ით შექმნილი ეკონომიკური გამოწვევების ფონზე გატარებული და დაგეგმილი ღონისძიებები განიხილა
ლევან კაკავამ თურქეთის ვაჭრობის მინისტრის მოადგილესთან „კოვიდ-19“-ით შექმნილი ეკონომიკური გამოწვევების ფონზე გატარებული და დაგეგმილი ღონისძიებები განიხილა

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსმა, ლევან კაკავამ თურქეთის რესპუბლიკის ვაჭრობის მინისტრის მოადგილესთან რიზა თუნა თურაგაისთან ვიდეოკონფერენციის ფორმატში შეხვედრა გამართა.

მხარეებმა ერთმანეთს COVID-19-ით შექმნილი ეკონომიკური გამოწვევების ფონზე გატარებული და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია გაუზიარეს.

ლევან კაკავამ ხაზი გაუსვა თურქეთის რესპუბლიკის მხარდაჭერის მნიშვნელობას, როგორც ქვეყნებს შორის თანამშრომლობის, ასევე სახელმწიფო საზღვრის ერთიანი მართვის მიმართულებით.

აღსანიშნავია, რომ შემოსავლების სამსახური აქტიურად არის ჩართული მთავრობის მიერ დადგენილი რეგულაციების აღსრულების პროცესში. შესაბამისად, საქართველოს ტერიტორიაზე, საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვების განმახორციელებელი ავტოსატრანსპორტო საშუალებების გადაადგილებას შეფერხება არ შექმნია.

„შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, მაქსიმალურად ეფექტურად მიმდინარეობს კონტროლის აღსრულების პროცედურები. დაწესებული საბაჟო შეზღუდვები არ ეხება სატვირთო ავტოტრანსპორტს. პირიქით, ჩვენ კიდევ უფრო გავამარტივეთ საბაჟო კონტროლის შეზღუდვები, რათა სწრაფად და შეუფერხებლად მოხდეს ტვირთების გადაადგილება“,- აღნიშნა ლევან კაკავამ.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ თურქეთ-ირანის საბაჟო გამშვები პუნქტის დროებით დახურვის გამო, შუა აზიაში მიმავალი სატვირთო ავტოტრანსპორტი საქართველოს გავლით მოძრაობს.

„მიუხედავად შექმნილი მდგომარეობისა საბაჟო გამშვებ პუნქტებზე სატვირთო ტრანსპორტის გადაადგილება საგრძნობლად არის მომატებული. თურქეთ-ირანის საბაჟო გამშვები პუნქტის დროებით დახურვის გამო, შუა აზიის მიმართულებით გადაადგილება საბაჟო გამშვები პუნქტის „კარწახის“გავლით მიმდინარეობს, შესაბამისად გასულ წელთან შედარებით ტრანზიტული გადაზიდვები გაზრდილია“, – განაცხადა შემოსავლების სამსახურის უფროსმა.

ლევან კაკავამ მადლობა გადაუხადა თურქეთის მხარეს მჭიდრო თანამშრომლობისთვის და საზღვრის კვეთასთან დაკავშირებული ყოველი ახალი რეგულაციის შესახებ ინფორმაციის ოპერატიულად მოწოდებისთვის.

ვიდეოკონფერენციას შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილე ვლადიმერ ხუნდაძე, საბაჟო დეპარტამენტის უფროსი მამუკა ჯანგულაშვილი და საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსი სამსონ ურიდია ესწრებოდნენ.

ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.