შინდისის ბრძოლიდან 11 წელი გავიდა. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ 2008 წლის 11 აგვისტოს ომის დროს სოფელ შინდისთან გმირულად დაღუპული ქართველი სამხედროების ხსოვნას პატივი მიაგო, მემორიალი გვირგვინით შეამკო და დაღუპულების ოჯახის წევრებს გაესაუბრა.
თავდაცვის მინისტრთან ერთად ქართველი გმირების ხსოვნას პატივი საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-ლეიტენანტმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ და საქართველოს თავდაცვის ძალების წარმომადგენლებმა მიაგეს.
მინისტრი წმინდა გიორგის ეკლესიაში წირვას დაესწრო, რომელიც გორისა და ატენის მიტროპოლიტმა ანდრიამ აღავლინა და გმირების მემორიალთან მათი სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა.
ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.